სისხლის სამართლის კოდექსს, შესაძლოა, ახალი – სპეციალური მუხლი დაემატოს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის, ან მისთვის უცხო ქვეყნაში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ხელის შეწყობა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით – სამიდან ექვს წლამდე.
თავისუფლების აღკვეთას, ვადით – სამიდან ექვს წლამდე, გამოიწვევს ასევე, საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.
გარდა ამისა, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ზემოთ აღნიშნული რომელიმე ქმედება, ჩადენილი: – არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი საბუთების გამოყენებით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას, ვადით – ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო მითითებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას, ვადით – შვიდიდან ათ წლამდე.
“სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანია, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეთა უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას და უცხო ქვეყანაში მათ უკანონოდ ყოფნას, “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: არჩილ თალაკვაძემ, ეკა ბესელიამ, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ვოლსკიმ, კახა კუჭავამ, ოთარ დანელიამ, გიორგი ხატიძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ მოამზადეს.
“სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტის ინიცირება, ბიუროს უახლოეს სხდომაზე იგეგმება.