რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სასჯელის განსაზღვრა მუსლიმებისთვის მიუღებელია

პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივა, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი უნდა გახდეს, მუსლიმი თემისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

​როგორც „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ძალიან სუბიექტური ცნებაა და შესაძლებელია, პირიქით სხვისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს.

​მისივე აზრით, ცუდი მცდელობაა საქართველოში მსგავსი საკითხის კანონად ქცევა და საეჭვოა, ამ ინიციატივით რაიმეს მოწესრიგებას ცდილობდნენ კანონპროექტის ავტორები. ხოლო თუ იგულისხმება ის, რომ სასულიერო პირები კანონის თანახმად უნდა იყვნენ დაცულნი კრიტიკისგან, ეს არადემოკრატიული მიდგომაა.

“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის ძალიან სუბიექტური. ვისთვის რა არის რელიგიური გრძნობა? შესაძლოა, სერიოზული პრობლემური იყოს ისიც, რომ თვით რელიგიურ დოგმატიკაში არსებული წესები  აღმოჩნდეს ვინმესთვის შეურაცხმყოფელი. ვიღაცისთვის ძროხა შეიძლება იყოს წმინდა ცხოველი და შესაძლოა, ღმერთიც და თუ მუსლიმები მსხვერპლშეწირვისთვის ვიყენებთ, ეს შესაძლოა, მისთვის იყოს რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი”, – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

​მისივე თქმით, მუსლიმურ დოგმატიკაში ღორის ყოლა და ღორის ხორცის საკვებად გამოყენება არ შეიძლება. შესაძლებელია მუსლიმის მეზობელმა ღორი დაკლას და ესეც შესაძლოა იყოს რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი.

„ინიციატივა აბსოლუტურად მიუღებელია და ამასთან დაკავშირებით რელიგიათა საბჭოს და ცალკეულ რელიგიურ ორგანიზაციებს არაერთხელ გვქონია ერთობლივი განცხადება”, – აცხადებს ნაკაიძე.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფში, რომელიც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით იქმნება, „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ ჩართვას არ აპირებს.

მსგავსი თემები