დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელაიმ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მაია ვაჩაძეს კითხვით მიმართა, რომელიც მოსამართლეების საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელში, აქტიურობას შეეხებოდა.
მაია ვაჩაძის განცხადებით, როცა მოსამართლის გამონათქვამი არაეთიკურია, მისთვის მიუღებელი. მისი თქმით, მოსამართლეს აქვს უფლება, გამოთქვას მოსაზრება ეთიკის ფარგლებში თუმცა, არა პოლიტიკურ მიმართებაში.
„როცა მოსამართლე დებატებში შედის პოლიტიკოსებთან, ამას არ ვამართლებ, მაგრამ მოსამართლე არაა მუნჯი და მას შეუძლია გამოთქვას მოსაზრება კორექტულად, ეთიკის ფარგლებში, არაპოლიტიკური შეხედულების მიმართებით. ჩემი მოსაზრება ასეთია – მე მოსამართლე უფრო დაცული ვარ თუ ამ პოლემიკაში არ შევალ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუნჯი ვარ,“ – აღნიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა.