“საქართველო ევროპაში რუსული კანონებით ვერ შევა!” – სტუდენტები კობახიძეს თსუ-ში დახვდნენ

“საქართველო ევროპაში რუსული კანონებით ვერ შევა!” – ამ შინაარსის ბანერით სტუდენტები პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახვდნენ.

თუმცა მოძრაობა დაფიონის წევრები ამბობენ, რომ კობახიძის თანმხლებმა პირებმა მათ ბანერი არ გააშლევინეს.

ახალგაზრდული მოძრაობის წევრები მალევე დაიშალნენ, თუმცა როგორც თავად ჰყვებიან, მათი მისამართით ისმოდა შეურაცხმყოფელი ფრაზები და ადგილი ჰქონდა ბულინგსაც. შემთხვევა გუშინ, 6 აპრილს მოხდა.

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით”.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

მსგავსი თემები