ლუვრი „მონა ლიზას“ სარდაფში გადატანას აპირებს

ლუვრის ხელმძღვანელობა ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ სარდაფში, სპეციალურ ოთახში გადატანას აპირებს.

The Telegraph-ის ცნობით, ლუვრის დირექტორმა ლოურენს დე კარმა ეს ინიციატივა მუზეუმის დამთვალიერებლების უკმაყოფილების შესამცირებლად წამოაყენა.

თებერვალში სერვისმა CouponBirds მუზეუმების საიტებზე დამთვალიერებლების 18 ათასი შეფასება შეისწავლა და „მონა ლიზას“ „მსოფლიოში ყველაზე იმედგამაცრუებელი შედევრი“ უწოდა.

ყოველწლიურად ლუვრს დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი სტუმრობს, აქედან 80%-ს და ვინჩის საკულტო ტილოს ნახვა სურს. თუმცა ტყვიაგაუმტარი შუშის უკან მოთავსებული „ჯოკონდათი“ ტკბობისთვის თითოეულ მათგანს საშუალოდ 50 წამი აქვს, მანამდე კი გრძელ რიგში დგომა უწევთ.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენს საქმეს სათანადოდ ვერ ვასრულებთ, იმიტომ რომ მნახველებს ნამდვილად კარგად ვერ ვიღებთ. „მონა ლიზას“ გადატანამ სხვა ოთახში შესაძლოა ბოლო მოუღოს საზოგადოების იმედგაცრუებას“, – აცხადებს დე კარი. აღსანიშნავია, რომ ახალი ოთახი მუზეუმის რეკონსტრუქციის ფარგლებში მოეწყობა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი თემები