„1000 უბნის შედეგებით, ყოველი მეორე მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს“ – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა.

„ცოტა დაგვაკლდა პირველ ტურში გამარჯვებისთვის“ – აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარტიის მიერ 1000 უბნიდან მიღებული მონაცემების შედეგად, დაახლოებით ყოველი მეორე ამომრჩეველი მხარს სალომე ზურაბიშვილს იჭერს.

„დაახლოებით ყოველი მეორე ამომრჩეველი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. ამ შემთხვევაშიც ეს დაახლოებით ასე იყო, თუმცა ცოტა დაგვაკლდა პირველ ტურში გამარჯვებისთვის. მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. გვაქვს ასეთი სურათი, რომ ცესკოს მონაცემები ორივე ეგზიტპოლს აქცდენილია. ამას შესაძლოა ჰქონდეს თავისი მიზეზები, რასაც ჩავეძიებით. ეგზიტპოლზე პასუხს არ სცემდა დაახლოებით 44% და ეს უნდა იყოს მიზეზი იმის, რომ არის გარკვეული აცდენა. აცდენილია ეგზიტპოლის შედეგებს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებული შედეგები, ასევე გარკვეულწილად ჩვენი ეგზიტპოლის შედეგები“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები