ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა – ,,ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

ჩვენი პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული და განსხვავებული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ ამ ადამიანებს და მეორე მხრივ, ასევე ძალიან პრინციპულად უნდა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები და ჩვენი მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ცვლილებები კანონმდებლობაში, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, თუმცა სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისათვის, დაიაინიცრდება საკონსტიტუციო ცვლილებები.

,,როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავაანონსეთ საკანონმდებლო ცვლილებები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ, რასთან დაკავშირებითაც განვსაზღვრეთ ორკვირიანი ვადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს წარმოედგინათ ამ საკითხის დარეგულირების შესახებ მოსაზრებები თუ საკუთარი ვერსიები. ამის მიუხედავად, დღემდე, ამ დრომდე არც ერთი მსგავსი ინიციატივა არავის მხრიდან გახმოვანებულა, პირიქით ვნახეთ წინასწარი მზადებებიც კი ჯერ კიდევ დაუწერელი ინიციატივის წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული და განსხვავებული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ ამ ადამიანებს და მეორე მხრივ, ასევე ძალიან პრინციპულად უნდა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები და ჩვენი მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.

ამ მიზნის გარანტირებული უზრუნველყოფისათვის და საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც თანამედროვე მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა დაგვანახა, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაინიციროთ პირველ რიგში საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები, რის შემდეგაც ძალიან ახლო მომავალში, ჩვენ ასევე დავაინიცირებთ შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებს კანონებში, რომელიც დაახლოებით რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს. ცვლილებები კანონმდებლობაში, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, თუმცა სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისათვის, ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი დღევანდელი ოპოზიციიდან გამომდინარე, დიდი იმედი ნამდვილად არ გვაქვს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახლა თუ არა, მომავალი მოწვევის პარლამენტში მაინც მისი მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო კანონებში ცვლილებები, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გაცილებით მეტი კონკრეტიკა იქნება მიმდინარე წელს გარანტირებულად იქნება მიღებული,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები