ექიმების ცოცხალი ჯაჭვი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან

რესპუბლიკური საავადმყოფოსთან ექიმები აქციას მართავენ. მათ ხელი მოაწერეს ერთობლივ წერილს, რომელსაც ახალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნიან.

შეგახსენებთ, მედიკოსების მოთხოვნაა გაუქმდეს კლინიკის დემონტაჟის გადაწყვეტილება და შემდგომში მისაღები გადაწყვეტილებები მთავრობამ უშუალოდ კლინიკის მედპერსონალის ჩართულობით განიხილოს.

„ღია წერილით მივმართავთ ახალ პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ამ ღია წერილს ხელს მოაწერს აქციაზე მყოფი ადამიანების უმრავლესობა და ხვალ გავუგზავნით ბატონ ირაკლის. გაეცნოს დაწვრილებით ჩვენს პრობლემას, მითუმეტეს მან განაცხადა, რომ ჩართულია რესპუბლიკური საავადმყოფოს პრობლემის გადაწყვეტაში და შევახსენოთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია და გადავცეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ ნაჩქარები და დაჩქარებული სამთავრობო ბრძანება შეჩერდეს და გაუქმდეს,” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნინო ოთარაშვილი.

როგორც ცნობილია, დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. თუმცა, ექიმების თქმით, ვინც პაკეტს დათანხმდა, უმეტესად ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი იყო.

ცნობისთვის, 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის და მის ბაზაზე ახალი კლინიკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მედპერსონალის ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხს და ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. მედიკოსებმა სასამართლოში სარჩელიც შეიტანეს.

მსგავსი თემები