პრემიერის განცხადებით, საქართველოში ტყვიის კონტროლი გამკაცრებულია

„2023 წლის ივლისიდან გამკაცრებულ ტექნიკურ შემოწმებებს ვახორციელებთ, რათა ვაკონტროლოთ სამშენებლო სექტორში გამოყენებული საღებავების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. იურიდიული შეზღუდვები დაუწესდა ტყვიის მაღალი კონცენტრაციის მქონე საღებავების წარმოებას, რეალიზაციასა და იმპორტს“ – აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

როგორც პრემიერი-მინისტრმა აღნიშნა, მიღწევების შესანარჩუნებლად საქართველომ გააძლიერა მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო ტყვიის შემცველი პროდუქციის შესახებ.

„პოტენციური რისკების გასანეიტრალებლად, საქართველომ გააძლიერა სათამაშოებში ტყვიის მიგრაციის  შესახებ მარეგულირებელი ჩარჩო. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ სამთავრობო რეგულირების დაწესებაზე, რათა უსაფრთხო იყოს ამ პროდუქტების გამოყენება. უზრუნველვყოფთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას და ვიცავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გასაუმჯობესებლად უწყვეტ რეჟიმში – 24/7  – დავიწყეთ სინჯების აღება და ანალიზების ჩატარება მძიმე მეტალებზე, რათა ტყვიის შემცველობა გამოვავლინოთ ქვეყნის მსხვილ ქალაქებში. არსებული შედეგებით დგინდება, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ვერ იქნება მიჩნეული ტყვიასთან შეხების წერტილად და მოწამვლის წყაროდ“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები