სალომე ზურაბიშვილის მოგზაურობა უკვე აღარ არის ვიზიტი – შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობამ, ქართველი ხალხის უმრავლესობის სახელით, უარი უთხრა მანდატზე, რომელიც თანამდებობის სახით ჰქონდა. შესაბამისად, მისი მოგზაურობა უკვე აღარ არის ვიზიტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მას კითხვა დაუსვეს „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში გამგზავრებაზე .

„ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა თავისი სათქმელი უკვე თქვა 18 ოქტომბერს, როდესაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა საქართველოს პარლამენტში. 18 ოქტომბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, ეს არის ფაქტი. აქედან გამომდინარე, თანამდებობაზე მხოლოდ იმის გამოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უჭერს მხარს, თორემ საპარლამენტო უმრავლესობამ, ქართველი ხალხის უმრავლესობის სახელით, სალომე ზურაბიშვილს უარი უთხრა მანდატზე, რომელიც თანამდებობის სახით ჰქონდა. შესაბამისად, ეს უკვე აღარ არის ვიზიტი, ასეთ მოგზაურობებს ამ მხრივ უნდა შევხედოთ.

მეორე საკითხია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ახლა უკვე დანამდვილებით იცის, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და ამით აჩვენებს, რამდენად არ აქვს არანაირი ემოციური ბმა საქართველოს კონსტიტუციასთან და ქართველ ხალხთან, რომელმაც კონსტიტუცია დაადგინა და არანაირ პატივისცემა არ აქვს ჩვენი ქვეყნის საფუძვლების მიმართ. ეს არის მოცემულობა. ვფიქრობ, საკითხის მიმართ გადაჭარბებული დამოკიდებულება  არ არის საჭირო. როგორც ჩანს, ასეთი მოგზაურობების მოწმე ვიქნებით, ვინაიდან, პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვყავს თანამდებობაზე ადამიანი, რომელიც საჯაროდ, ღიად და უხეშად ამბობს, რომ მისთვის ნული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონსტიტუციას და ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები