პარლამენტი პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა პიროტექნიკის გამოყენების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა მიმდინარეობდა დისკუსიის ფორმატში. დეპუტატებმა იმსჯელეს, რომელ მოდელს უნდა მიენიჭოს კანონმდებლის მიერ უპირატესობა პიროტექნიკასთან დაკავშირებით და რა ალტერნატივები შეიძლება იყოს განსახილველი გარდა იმისა, რაც არმაზ ახვლედიანისა და ანა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივითაა შეთავაზებული.

აღინიშნა, რომ პიროტექნიკის იმპორტის სრულად აკრძალვას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი ეფექტები, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ალტერნატივების განხილვის საჭიროება. განხილეს კომპლექსური მიდგომის ვარიანტი, რომელიც გულისხმობს უკიდურესად შეიზღუდოს პიროტექნიკის გამოყენება, რომელიც არამართლზომიერია და სხვა პირთა უფლებებს ხელყოფს და, ამასთანავე, გაუმჯობესდეს დაწესებული შეზღუდვების ზედამხედველობისა და აღსრულების სისტემა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა პიროტექნიკის კანონდარღვევით გამოყენების შედეგად სხვათა უფლებების დარღვევის ფაქტებს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე შეეხო იმ ზიანს, რომელიც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გარემოს ადგება.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა – არმაზ ახვლედიანმა და ანა ნაცვლიშვილმა კონკრეტულ შემთხვევებსა და პირად გამოცდილებებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე სახელმწიფო უწყებებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარადგინეს ხედვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მხარეები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და ქმედითი ნაბიჯების დროულად გადადგმის მნიშვნელობაზე.

მსგავსი თემები