,,მკვლელობის შემდეგ ცხედარი პლედში გაუხვევია, მანქანაში ჩაუდია და ავჭალაში ნაკვეთში დაუმარხავს”- მკვლელობის ახალი დეტალები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში შვილმა მამა მოკლა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას – 1956 წელს დაბადებულ უ.ი.-ს სანადირო თოფით, თავის არეში, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

საზარელი მკვლე­ლო­ბის დეტალებზე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, მერის წარმომადგენელი დიცის ადმინისტრაციულ ერთეულში გია ჯალაბაძე საუბრობს.

,,ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. უშანგი ინაურს პირადად ვიცნობდი. ძალიან კარგი ადამიანი იყო, უწყინარი, მშრომელი, არც ეკონომიკურად უჭირდა და შვილებსაც შეუქმნა ყველანაირი პირობები. უშანგის შარშან გარდაეცვალა მეუღლე, შემდეგ კი – დედინაცვალი. კვირას დედინაცვალს წლისთავი გადაუხადა, სადაც ჩამოსული ყოფილა მისი 28 წლის შვილი. მე პირადად არ ვიცნობ, რადგან, ძირითადად, თბილისში ცხოვრობდა, სოფელში იშვიათად ჩამოდიოდა. როგორც ვიცი, დაოჯახებულია. ის ამჟამად მამის მკვლელობაშია ბრალდებული… როგორც ამბობენ, სანადირო თოფიდან გასროლით მოუკლავს მამა…

უშანგი ორი შვილის მამა იყო, მის უფროს ბიჭს ვიცნობ. ის იმ დროს თბილისში იყო და ეს საშინელი ამბავი პოლიციისგან გაიგო. დანაშაულის გახსნის შემდეგ სახლში ჩხრეკა რომ ჩატარდა, უფროსი შვილი პოლიციელებმა ჩხრეკას დაასწრეს და მერე ისევ თბილისში წაიყვანეს. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

უმცროსმა ვაჟმა რატომ მოკლა მამა, ჩვენთვის უცნობია. მეზობლებს ჩხუბის ხმა ან რაიმე ხმაური არ გაუგონიათ. როგორც აღვნიშნე, კვირას წლისთავი ჰქონდა, მკვლელობა სამშაბათს არის, მგონი, ჩადენილი და ეტყობა, გვიან ღამით წაიღო ცხედარი. მეზობლები ახლოს ცხოვრობენ, მაგრამ ეტყობა, ეს შემთხვევა ღამით მოხდა და იარაღის გასროლის ხმა არავის გაუგია.

მკვლელობის შემდეგ ცხედარი პლედში გაუხვევია, მანქანაში ჩაუდვია და თბილისში, ავჭალაში, კუთვნილ ნაკვეთში წაუღია და იქ დაუმარხავს. მეზობელმა მეორე დღეს მიაკითხა უშანგის სახლში, კარი ღია დახვდა და თვითონ რომ ვერსად ნახა, შვილისთვის დაურეკავს, უშანგი არ ჩანსო. ამის შემდეგ ჩამოსულა დამნაშავე შვილი სოფელში, იცოდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ მეზობლებთან ერთად ეძებდა. ისე გაითამაშა, თითქოს მან არაფერი იცოდა. მეზობლებმა ჩართეს პოლიცია და მერე გაირკვა, რომ ამის ჩადენილი იყო ეს საშინელი დანაშაული. სახლში სისხლის კვალი წაშლილი ჰქონდა, ეტყობა, მოწმინდა იქაურობა, მაგრამ კრიმინალისტები რომ მოვიდნენ, შემთხვევის ადგილიდან და მანქანიდან სისხლის ნაკვალევი ამოიღეს. დამნაშავე დაკავებულია, რა უთხრა მან პოლიციას, არ ვიცი. ჩვენთვის უცნობია, რატომ მოკლა მამა. ეს არის სადიზმი, არადა, ისეთი მშრომელი კაცი იყო უშანგი, არ ვიცი, რატომ გაიმეტა,”- აცხადებს  გია ჯალაბაძე.

 

მსგავსი თემები