რა ელით ორგანიზაციებს, რომელებიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” არ დარეგისტრირდებიან

მთავრობის მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.

პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არ შევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: – იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.

საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 29 აპრილს მეორე მოსმენით განიხილავს.

რამდენიმე დღეა აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თბილისაა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან პროექტის გაწვევას მოითხოვენ.

მსგავსი თემები