„ვუთხარი, რომ მათი პოლიტიკური ნების გამოვლინების გარეშე, შეუძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა“ – ზალკალიანი ლავროვზე

„მე მას პირდაპირ ვუთხარი რომ აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისკენ და დეოკუპაციისკენ ნაბიჯების გადადგმა. მათი პოლიტიკური ნების გამოვლინების გარეშე, შეუძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა, რადგან ის არის ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიების“ – საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა პოზიციის დასაფიქსირებლად.

დავით ზალკალიანის განმარტებით, მას პირველად მიეცა შესაძლებლობა, ლავროვისთვის აეხსნა ყველა ის პოზიტიური ნაბიჯი, რაც ქართულმა მხარემ გადადგა.

„ძალიან დეტალურად ვესაუბრე და პირველად მქონდა შესაძლებლობა, რომ მეთქვა, თუ რა ნაბიჯები გადავდგით, მათ შორის  არის კარსანი-აბაშიძის ფორმატი, ძალის არგამოყენების ვალდებულება, რასაც პირნათლად ვასრულებთ და რასაც ვითხოვთ, რომ მათგანაც მოხდეს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა. ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხი, ასევე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არსებობა,  რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური პრინციპია ჟენევის მოლაპარაკებებში და ბუნებრივია, მიუღებლობა იმისა, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში, რომ ადამიანები ვინც იქ ცხოვრობენ,  მათ ექმნებათ სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემები თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ ასპექტს“ – განაცხადა ზალკალიანმა სერგეი ლავროვთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას.

მინისტრს არ აქვს ილუზია, რომ აღნიშნული შეხვედრის შემდგომ რაიმე გარღვევას ექნება ადგილი, მისი შეფასებით, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივა იყო კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ  ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია.

შეგახსენებთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა.

შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი,  საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე  საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.​

მსგავსი თემები