რუმინეთი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის კუთხით წამყვანი ძალაა და ველოდებით ისეთივე პოზიციას, როგორიც არის უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში – შალვა პაპუაშვილი

„მოხარული ვარ, რომ ვესტუმრე რუმინეთის სენატს და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე ჩემს კოლეგა ნიკოლაე ჩუკასთან. ძალიან ვაფასებ, რომ მაქვს რუმინეთში, საქართველოს შავი ზღვის გადაღმა მეზობელთან სტუმრობის შესაძლებლობა ამჟამინდელ გეოპოლიტიკურად მღელვარე პერიოდში, როდესაც მსოფლიო, ცივი ომის შემდეგ, უპრეცედენტო რეგიონულ ძვრებს განიცდის და, ამავდროულად, ისტორიულ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატის პრეზიდენტ ნიკოლაე-იონელ ჩუკასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ერთობლივი განცხადების დროს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რუმინეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა რუმინეთის სენატსა და საქართველოს პარლამენტს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის შესახებ. „შეხვედრის დროს, რუმინეთის მიმართ მადლიერება გამოვხატე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების განაცხადების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა საუკუნეების წინ დაიწყო და ეფუძნება კულტურულ ღირებულებებს, რომელიც ჩვენი საერთო ძლიერი ქრისტიანული მემკვიდრეობიდან მომდინარეობს. შემდგომში, ეს საერთო ღირებულებები სტრატეგიულ პარტნიორობად გარდაიქმნა, რომელიც მოიცავს საერთო ინტერესებში მყოფ ყველა მიმართულებას, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირებს ეთმობა. გამოვხატეთ საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერების შესახებ მზადყოფნა. ამ მიზნის მიღწევის ხელშესაწყობად, ხელი მოვაწერეთ რუმინეთის სენატისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც, გვჯერა, რომ ორივე ქვეყანას დადებით შედეგს მოუტანს. ხაზი გავუსვით ქართულ-რუმინული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას შავ ზღვაში დაკავშირებადობის უზრუნველსაყოფად, რათა დღევანდელ გამოწვევებით სავსე პერიოდში, გავაძლიეროთ ევროპის მედეგობა და ენერგოდამოუკიდებლობა. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის ფლაგმანი პროექტი კარგი მაგალითია, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომ დაეხმაროს ევროპას, მათ შორის, რუმინეთს, ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობაში. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ვისაუბრე საქართველოს პროგრესზე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გავუსვი შემდგომი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას ამ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის. რუმინეთი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის კუთხით წამყვანი ძალაა და დღესდღეობით ველოდებით რუმინეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაში ისეთივე წამყვან პოზიციას, როგორიც არის უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის შემთხვევაში. აღნიშნული დაგვეხმარება ჩვენ და მთელ რეგიონს, წარმატებით გავუმკლავდეთ წარსულის გეოპოლიტიკურ შეცდომებს და მტკიცედ დავადგეთ ევროპული მომავლის გზას. მადლიერები ვართ სენატში ჩვენი გულთბილი მიღებისთვის. ვაფასებთ რუმინეთის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ თითოეულ ნაბიჯსა და განცხადებას. დაე, იყოს ჩვენი საერთო წინაპრის – ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობა ჩვენი მეგზური მშვიდობასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ერთობლივი მომავლის გზაზე”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები