„შეტევის და აგრესიის მსხვერპლი გახდა დედაჩემი, მგლოვიარე ქალი“ – კობა კობალაძის საგანგებო განცხადება მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება მოიცავს არა მხოლოდ ფაქტობრივი ფიზიკური სივრცის უფლებას, არამედ, ამ სივრცით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებასაც. პიროვნების სახლის მისამართი არის პირადი მონაცემი, ამდენად, იგი დაცულია და  არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის ჟურნალისტების მხრიდან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა,  კობა კობალაძემ განაცხადა.

კობალაძე საკუთარი ოჯახის მაგალითზე ყვება თუ რა ზიანი მიაყენა კონკრეტულმა. მისივე აზრით ადამიანებთან სახლში მივარდნა, ამორალურია:

„ევროპული პრაქტიკისთვის სრულიად მიუღებელი და ამორალურია, სენსაციის მოპოვების მიზნით, ჩვეულებრივი მოქალაქის სახლში მივარდნა და 80 წლის ქალს-დედას, რომელსაც 54 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მეუღლე გარდაეცვალა; ქალბატონს, რომელსაც რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს ქმრის გარდაცვალების მეორმოცე დღეს, სასაფლაოზე გასვლაც კი უჭირს, შოკში ჩააგდო. ვიდეოკამერების თანხლებით სახლში შეუვარდე და კომენტარი მოსთხოვო თუ მისი შვილი რატომ დაინიშნა ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის დირექტორად და არ არის პარლამენტის დეპუტატი! მარაზმია! ვინ იქნება პასუხისმგებელი ამ დროს, ისედაც სტრესში მყოფ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს, რომ რამე დაემართოს?! ჟურნალისტი, მისი იქ გამომგზავნი, თუ ტელევიზიის ხელმძღვანელი?! მე, საქართველოს ერთგული ჯარისკაცი ვარ! ასობით და ათასობით არა, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ათეულ ათასობით განისაზღვრება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც პირადად ვიცნობ და გაცილებით მეტი, ვინც ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მიცნობს. აქედან ერთი ადამიანიც ვერ იტყვის, რომ ოდესმე, ნებისმიერ ვითარებაში, ადამიანებს და, მით უმეტეს, პასუხისმგებლობას გავქცევივარ! თუ ინფორმაცია გაინტერესებთ ვეტერანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მომავლის ხედვებსა და განვითარების სტრატეგიაზე, პირიქით, დიდ მადლობას გეტყვით და გახსნილად და გულწრფელად მოგახსენებთ. საზოგადოებრივ ინტერესს ჟურნალისტების ჩართულობა უფრო გააღვივებს და აქცენტირებას გააკეთებინებს განვითარების პერსპექტივებზე, რისი მომხრეც ვარ ყოველთვის – განაცხადა კობა კობალაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

 

მსგავსი თემები