,,ჩვენი მომავალი ევროპაა! არ შეიძლება ჩვენი მომავალი იყოს რუსეთი! საქართველო ამას არ დაუშვებს”- პრეზიდენტი

 ჩვენი მომავალი ევროპაა! არ შეიძლება ჩვენი მომავალი იყოს რუსეთი! საქართველო ამას არ დაუშვებს! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანასა და საზოგადოებას ევროპული მომავალი უნდა.

,,მე ჩემ თავს ვთვლი ხალხის, მოსახლეობის, საზოგადოების წარმომადგენლად, და სწორედ თქვენ მოგმართავთ რადგან, თქვენ ხართ ამ საზოგადოების აქტიური ნაწილი და გაქვთ საშუალება, რომ თქვენი ხმა მიაწვდინოთ საზოგადოებას. და დღეს, როცა ჩვენ ერთგვარად, ევროპის კარებთან ვართ მისული, ყველამ ვიცით, რამდენად გადამწყვეტი იქნება ჩვენთვის მომენტი სტატუსის მონიჭების და არ ვიტყვი: – ან არ მოგვენიჭება – ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი! მაგრამ ცხოვრებაში თავისით არაფერი მოდის და ეს მთავარი გზა არის ის, რაც დღეს ჩვენი, თქვენი, ერთად გასავლელი გზაა.

ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ნებისმიერი ნაბიჯი: ყველა თავისი საშუალებებით, ეს იქნება კულტურა, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა, სამართლებრივი, თუ ანალიტიკური სფერო – ყველას თავისი როლი აქვს, ეს ერთი ადამიანის გასაკეთებელი საქმე არ არის.

მე ვიქნები თქვენთან, მე ვიქნები იქ, სადაც შემიძლია და ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს. მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, ვიქნები პოლონეთში, ბელგიაში ,,ევროპალიაზე“, როგორც ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქვეყანა. მაგრამ ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც მას შეუძლია. ცხადია, ყველაზე დიდი როლი შეიძლება, მედიას აქვს, რომ მან არ მისცეს საშუალება არავის, სხვადასხვა საკითხებით გადაიფაროს ის, რაც მთავარია და მთავარია ის, რომ ჩვენ, ყველას: ქვეყანასა და საზოგადოებას ევროპული მომავალი უნდა, სხვა მომავალი ჩვენ არ გვაქვს და სხვა მომავალი, და ამას მინდა დღეს ხაზი გავუსვა, არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი! საქართველო ამას არ დაუშვებს, მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ არ დაუშვებს,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

 

 

 

მსგავსი თემები