გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გაგრძელდება. სხდომაზე ჩვენებას სამი არასრულწლოვანი მისცემს.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, როსტომ კერესელიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აპირებს, რომ სასამართლოს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს. კერესელიძის თქმით, ამ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება და შემდეგ სხდომაზე ორივე მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება.
„სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. კერძოდ კი, დაიკითხებიან საქმეში მყოფი ბრალდებული პირები. ექვსი ბრალდებული პირიდან სამი არის დაკითხული და დარჩენილია სამი ბრალდებული, რომლებიც მისცემენ ჩვენებას სასამართლოზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აპირებს, სასამართლოს სრულყოფილი ინფორმაცია მისცეს იმ ღამით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე არასრულწლოვანი ლ.შ აპირებს ჩვენების მიცემას და სავარაუდოდ მესამე ბრალდებული პირიც მისცემს ჩვენებას. ამით დამთავრდება მთლიანად როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკითხვა და მხარეები დასკვნითი სიტყვის ეტაპზე გადავალთ“, – განაცხადა ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ.