როგორი ჯანდაცვა გვაქვს საქართველოში?! – თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ექსპერტს ჯანდაცვის საკითხებში, ვატო სურგულაძეს მიმართავს.

,,ბატონი ვატო სურგულაძე, რომელიც ერთ დროს კომპეტენტურობით და ინტელექტით გამოირჩეოდა და პატივისცემითაც სარგებლობდა, ბოლო დროს სამწუხაროდ შეპყრობილია სურვილით, რომ მოსახლეობა დაარწმუნოს, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ძალიან ცუდადაა და მხოლოდ საშინელებები ხდება.

განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებს ქვეყნის ჯანდაცვას. თუ მას დავუჯერებთ, ჩვენს ქვეყანას ჯანდაცვა საერთოდ არ აქვს?!

ბატონო ვატო, იქნებ დამისახელოთ საქართველოს თანაზომადი შესაძლებლობების და რესურსების მქონე რომელიმე ქვეყანა, რომელსაც საქართველოზე უკეთესი ჯანდაცვა აქვს. ნუთუ მართლა ვერ ხედავთ, რომ მარტო C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალურმა პროგრამამ უკვე 80 000 – ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და ამ დარგში მსოფლიოში უპირობო ლიდერები ვართ. საქართველო პირველი, ან ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც უახლოეს წლებში დაძლევს ოცდამეერთე საუკუნის ორი მთავარი გამოწვევის C ჰეპატიტის და აივ/შიდსის ეპიდემიებს. ვერ ხედავთ იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. ქვეყანაში კეთდება ურთულესი კარდიოქირურგიული და ნეიროქირურგიული ინტერვენციები, ულტრათანამედროვე რადიოლოგიური კვლევები (PET-ის ჩათვლით).

სახელმწიფო სრულად აფინანსებს ყველა სახის მაღალტექნოლოგიურ ონკოლოგიურ სერვისებს, ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და კლინიკებში!! ღეროვანი უჯრედების, ღვიძლის და თირკმელის გადანერგვას, ენდოპროტეზირებას და სხვა და სხვა. არ იცით, რომ ამჟამად ქვეყნის ჯანდაცვაში ტარდება მასშტაბური, სისტემური, სიღრმისეული რეფორმები, რის შემდეგაც საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის ჯანდაცვას მიიღებს.

ამ დღეებში ბატონმა ვატომ TV პირველის ეთერში უაპელაციოდ განაცხადა, რომ COVID-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე (რაც მთელ მსოფლიოში აღინიშნება) მოსახლეობა ბედის ანაბარადაა მიტოვებული, პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი საერთოდ არ არსებობს, ხოლო კლინიკებს COVID-თან ბრძოლის არანაირი ცოდნა და რესურსი არ გააჩნიათ?!

როგორც ჩანს ბატონი ვატო ხელმძღვანელობს გებელსის პრინციპით: თქვი ტყუილი, დიდი ტყუილი, მრავალჯერ გაიმეორე და ხალხი დაიჯერებს.

ბატონო ვატო, არ იცით, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მიაღწია „COVID თავისუფლებას“ და COVID-ით პაციენტების პროაქტიური და თანამედროვე მიდგომებით მკურნალობით ჯერ კიდევ 2022 წლის მაისიდან COVID-19 ფატალური დაავადებიდან გადააქცია რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა და მისი ნეგატიური გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე პრაქტიკულად არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციების მაგ. გრიპით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს.

ოფიციალურ დოკუმენტებში ხელმისაწვდომია და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ 2022 წლის მაისის შემდეგ ერთ მილიონ მოსახლეზე გადათვლით საქართველოში COVID გარდაცვალებების რაოდენობა ბევრად, შეუდარებლად ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთებშიც კი, რომლებიც სანიმუშოდ ითვლებოდნენ COVID-ის მართვაში (ისრაელი, გერმანია, აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, სკანდინავიის და ბალტიის ქვეყნები, იტალია, ესპანეთი და სხვა).

საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა იყო, სადაც უკლებლივ ყველა COVID ავადმყოფი იღებდა სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას. კლინიკებში ადგილების არ ქონის გამო, სასწრაფოებს არ უხდებოდათ საათობით რიგში დგომა. COVID ავადმყოფები არ კვდებოდნენ ბინაზე, სასწრაფო დახმარების მანქანებში და ა.შ.

ბატონო ვატო, როცა ამბობთ, რომ ჩვენს კლინიკებში COVID-ის მართვა არ იციან და არც არავითარი რესურსი არ აქვთ, ღმერთის მაინც არ გეშინიათ?! არ იცით, რომ (შეგიძლიათ, გადაამოწმოთ) მაგალითად ჩვენს კლინიკაში COVID-19-ით მოთავსებული ყველა ავადმყოფიდან მხოლოდ 1.6% გარდაიცვალა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოს მასშტაბით. ქვეყნის 100-ზე მეტ COVID-კლინიკაში ჰოსპიტალიზებული (როგორც წესი მძიმე) ავადმყოფების გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 6%-ია, მაშინ როდესაც წამყვანი ქვეყნების უმეტეს კლინიკებში სიკვდილობის საშუალო მაჩვენებელი 6-დან 10%-მდე მერყეობს.

COVID-ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითადი ინდიკატორი – ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის გარდაცვალების მაჩვენებელი – ეგრედწოდებული CFR (Case fatality rate) საქართველოს მსოფლიოს 112 ქვეყანაზე დაბალი (ანუ უკეთესი აქვს) 0.93%. რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი პანდემიის მანძილზე, ყოველი ასი დადასტურებული COVID- შემთხვევიდან ავადმყოფების 99%-ზე მეტის გადარჩენა ხერხდებოდა და მხოლოდ 1%-ზე ნაკლები მთავრდებოდა ფატალურად.

ბატონო ვატო, თქვენი დაუსაბუთებელი განცხადებებისგან განსხვავებით ეს ყველაფერი აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და დაფიქსირებულია ძირითად, მათ შორის საერთაშორისო დოკუმენტებში (შეგიძლიათ გადაამოწმოთ) და ეს ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა იცის. ამიტომ იმედი მაქვს, რომ თქვენი ყველა მცდელობა, დახატოთ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი, განწირულია და მას არცერთი ნორმალური და არაანგაჟირებული ადამიანი არ დაიჯერებს.

COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე სიფხიზლე და ჯანდაცვის სისტემის მობილიზება რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს. მისი ჯანმრთელობა, მათ შორის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული”, – ნათქვამია ცერცვაძის მიმართვაში.

მსგავსი თემები