,,ეეჰ, როგორ მესმის იმ მშობლის, რომელიც ასე უგზო-უკვლოდ დადის და იმედს არ კარგავს” – რამაზ დავლაძე

რამაზ დავლაძე, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს (2021 წლის 8 ოქტომბერს) ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა, შოვის ტრაგედიას გამოეხმაურა. ნანგრევებმა მისი ორი შვილი, მეუღლე და ძმა მოიყოლა. რამაზს ვაჟი დარჩა, რომელიც ტრაგედიის დატრიალების დროს, ბაღში იყო.

,,რა უნდა ვთქვა, განადგურდნენ ოჯახები. ძალიან ვწუხვარ და განვიცდი! მაგრამ ამდენი წუხილი და ტრაგედია არსად აღარ მეტევა!

ეეჰ, როგორ მესმის იმ მშობლის, რომელიც ასე უგზო-უკვლოდ დადის და იმედს არ კარგავს!

ასეთ დროს ძალიან რთულია ადამიანი რამეთი ანუგეშოთ. სიცოცხლე და არსებობა, რომ საერთოდ არ გინდა, ეს ის მომენტია. ამ დროს დიდია ჭკუიდან შეშლის შანსი, სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულების შანსი.

ჩემი ბნელი გვირაბის ბოლოს, პატარა სინათლის ნაპერწკალი ჩანს, ვისთვისაც მიღირს სიცოცხლე და არსებობა. დანარჩენი, ჩემი ყოველი დღე და ყოველი წელი, ერთმანეთს ჰგავს და სრული უაზრობაა.

ღმერთმა გაანათლოს დაღუპულთა სულები.

უფალმა დაიფაროს ჩვენი ლამაზი სამშობლო”, – განაცხადა რამაზ დავლაძემ.

მსგავსი თემები