უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიებზე დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის ორმხრივი შეთანხმების შესახებ დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებები დაიწყო. დიდი ბრიტანეთი აშშ-ის შემდეგ, მეორე ქვეყანაა, რომელთანაც უკრაინა ამ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოლაპარაკების პირველი რაუნდი დღეს შედგა. მოლაპარაკებებს კი პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს.

„დიდი ბრიტანეთი მუდმივად ავლენს ლიდერობას და მაგალითს უკრაინის მხარდასაჭერად ყველაზე თამამი გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებაში. უკრაინელი ხალხი აფასებს უკვე გაწეულ დახმარებას და ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაში”, – აღნიშნა ერმაკმა.

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები გათვალისწინებულია უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელზეც G7-ის ქვეყნების (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, საფრანგეთი, იტალია და იაპონია) ლიდერები 12 ივლისს შეთანხმდნენ.

13 ივლისს კი პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ მოკავშირეებისგან უსაფრთხოების გარანტიებისთვის შეთანხმებების მომზადება დაიწყო.

მსგავსი თემები