“ინფექციის ჰაერით გავრცელების საფრთხეა”- ომბუდსმენი კლინიკებში არებულ ვენტილაციის სისტემებზე

სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეისწავლა. მონიტორინგის დროს სხვადასხვა დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის გათბობისა და ვენტილაციის სისტემების გაუმართაობა.

როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ: “დაწესებულებებიდან ხუთს, მაღალი და ძალიან მაღალი რისკის ზონებში, არ ჰქონია სრულყოფილად მომუშავე ვენტილაციის სისტემა. ვენტილაციის სისტემები ვერ უზრუნველყოფდა სათანადო წნევის განვითარებას და ჰაერის სწორ მიმართულებას ; რამდენიმე დაწესებულებას არ ჰქონდათ ფილტრების ექსპლუატაციის სწორად ფუნქციონირების დამადასტურებელი ჩანაწერები. ასევე პრობლემური იყო გათბობა-გაგრილების სისტემების და ამ სისტემების ფილტრების სრულყოფილად ფუნქციონირება. დაწესებულების რეანიმაციაში, ცენტრალური სავენტილაციო სისტემის გაუმართაობის მიზეზით, ეზოში გამავალ ფანჯარაში დამონტაჟებული იყო მექანიკური ვენტილატორები (ვენტილაციას არ გააჩნია ფილტრები და ვერ აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს ვერც ჰაერის სათანადო რაოდენობით ცვლის და ვერც მისი ფილტრაციის მხრივ).”

ანგარიშში  ასევე აღნიშნულია, რომ  კლინიკაში ამ ტიპის ვენტილაცია ვერ უზრუნველყოფს რეანიმაციის სივრცის ჰაერის სათანადო სისუფთავეს და, შესაბამისად, იზრდება ინფექციის ჰაერით გავრცელების რისკი.

სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების მონიტორინგი სახალხო დამცველის აპარატმა 2023 წელს ჩაატარა.

მსგავსი თემები