„ამ პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როცა ყოფილი პრეზიდენტი, 9 წელი რომ მართავდა ამ ქვეყანას ეს სიმულიანტი კაცი, მისი ოჯახი იხდის მილიონობით დოლარს, მილიონებს ხარჯავს მთელ მსოფლიოში იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი დაზიანეს“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი შეფასებით, მტკიცებულებები სახეზეა, თუ რატომ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ქვეყანას.

„რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ჩვენმა საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ჩვენს სახელმწიფოს და არა მხოლოდ სააკაშვილის ოჯახი და პირადად სიმულიანტი სააკაშვილი, მისგან მოდის ყველაფერი რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები. როგორც დამნაშავე სააკაშვილის ოჯახის წევრები და მათი ლობისტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათი ინტერესია, რომ მშვიდობა დასრულდეს და ქვეყანაში იყოს ომი და ნგრევა.

„მათი ინტერესია, რომ ეს მშვიდობა და ყველაფერი დასრულდეს, აქ იყოს ომი, ნგრევა და უბედურება, ისეთი რაც ახლა ხდება უკრაინაში. აი, ეს არის რეალური მიზეზი. ამის თავი და თავი არის რა თქმა უნდა ისევ ვიმეორებ სიმულიანტი სააკაშვილის ოჯახი. მთელმა მსოფლიომ და საზოგადოებამ ნახა, რომ ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართულნი იყვნენ სამწუხაროდ მათ მიერ მოსყიდული კორუმპირებული ზოგიერთი ყოფილი პოლიტიკოსი და მათ შორის სამწუხაროდ სხვა ზოგიერთი ასე ვთქვათ ევროპელიც, სიმართლე არის ერთი – ამ სამარცხვინო კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ. ეს არის მთავარი“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები