„არ მინდა დეტალებზე საუბარი, რა სახის ნიმუში იყო“ – მინისტრი არ აკონკრეტებს რა ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს

პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების სტუმრობა და მომხდარი ინციდენტი ამ დრომდე ამოუცნობია. იუსტიციის მინისტრმა ამ თემაზე მორიგი კომენტარი გააკეთა, თუმცა, არ დააკონკრეტა, კონკრეტულად, სააკაშვილის რა ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს წინდით.

„პოლონელი ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ასევე სამედიცინო-სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო და გაუგებარი. მე რა დავინახე, ამას არ აქვს თქვენთვის არსებითი მნიშვნელობა. მე რომ მდომოდა ამის შესახებ საუბარი და მდომოდა, ეს ინფორმაცია გამხდარიყო საჯარო, მაშინ ჩვენ ვაჩვენებდით კადრებს, ამის არავითარი პრობლემა არ არის. აქ იყო ნიმუშის აღების პროცესი და ხედავდა თუ არა მსჯავრდებული სააკაშვილი კონკრეტულად ამ ნიმუშის აღებას, რა თქმა უნდა, ხედავდა, მაგრამ გატანის მცდელობის ფაქტზე, ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერ გეტყვით“, – აღნიშნა მინისტრმა მედიასთან.

მისივე შეფასებით, ექიმის ქმედება არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება.

„არ მინდა დეტალებზე საუბარი, რა სახის ნიმუში იყო.  ეს იყო სამედიცინო პროცედურა და დეტალებში არ შევალ. თუმცა, რა შეიძლებოდა, განთავსებულიყო ხელსახოცში და ჩატეულიყო წინდაში, ალბათ უჩემოდაც მიხვდებით. ჩვენ დავრჩით ჩვენ მიერ გაცემული პირობის ერთგული, თუმცა მეორე მხრიდან, სამწუხაროდ, ვიხილეთ სრულიად გაუგონარი ქმედება, რაც არ ჯდება არცერთ ეთიკურ და სამართლებრივ ნორმაში. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, დაკავშირებული იყოს სხვა ექიმების შესვლასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ბევრად უფრო დეტალურად იქნება ამიერიდან განხილული“ – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები