სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ თანამდებობა დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ, პირადი განცხადებით, სხვა თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველზე, მოსამართლის თანამდებობა დატოვა.

საქართველოს სასამართლოს გუშაგის ინფორმაციით, შოთა გეწაძე დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე შვეიცარიის კონფედერაციაში, სადაც საქმიანობას მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან შეუდგება.

ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის 2 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა სხდომაზე განიხილეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, შოთა გეწაძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

,,თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მოსამართლის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა დასახელდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ შოთა გეწაძე საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ პროტოკოლის დეპარტამენტში, ღონისძიებების და ცერემონიების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განაგრძობს. სხდომაზე ასევე აღნიშნეს, რომ შოთა გეწაძე პირველ ივნისს დაუკავშირდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ახალ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ აცნობა, რის გამოც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება მოითხოვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა ხმა მოსამართლის გათავისუფლების შესახებ საკითხს. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დიმიტრი გვრიტიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად სასამართლოს ერთი კარგი მოსამართლე მოაკლდება,”- აცხადებს ორგანიზაცია.

მსგავსი თემები