იანვარ-თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ თვეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით არის გაზრდილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მონაცემები საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის სწორად მიმდინარეობის მაჩვენებელია.

„აღნიშნული მონაცემები მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ის მიდგომები, რაც სხვა ევროპულ ქალაქებში გამოიცადა, წარმატებით ინერგება ჩვენს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, დაგეგმილი
ღონისძიებები ბოლომდე იქნება მიყვანილი, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვის თვალსაზრისით, ასევე, განცალკევებული საავტობუსო ზოლების დასამატებლად და ერთმანეთთან დასაკავშირებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 28 მარტს დაფიქსირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეკორდული – 1 360 795 მგზავრობა.

„ტრანსპორტის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შედეგად, 28 მარტს დაფიქსირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეკორდული – 1 360 795 მგზავრობა. აღსანიშნავია მგზავრთნაკადის ზრდა მეტროშიც. გასული წლის 23 დეკემბერს მეტრო 527 636 მგზავრს მოემსახურა. ეს შედეგია იმ რეფორმისა,
რომლის ფარგლებში, სრულად განახლდა საავტობუსო და მიკროავტობუსების ავტოპარკი, მიმდინარეობს და დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია, შემუშავებულია სადგურების გარშემო არეალის მოწესრიგებისა და მისაწვდომობის გაუმჯობესების კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ასევე, განახლდა და ამოქმედდა
უნივერსიტეტი-მაღლივის დამაკავშირებელი საბაგირო გზა. წლის ბოლოს ამოქმედდება რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო მარშრუტიც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვა და მნიშვნელოვან კვანძებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მგზავრობას.

„პარალელურად, ქალაქის მასშტაბით, მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვა. ავტობუსების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ქალაქის სხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვან კვანძებზე ეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც აღმოფხვრის არსებულ შეფერხებებს. წელს დაიწყება 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის პროცესიც და მომავალ წელს დედაქალაქს ახალი ავტობუსები შემოუვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის გარეშე, კერძო ავტომობილებით გადაადგილების მაჩვენებელი კიდევ უფრო მზარდი გახდება.

„2016 წელს დედაქალაქში გადაადგილდებოდა 300 000-მდე ავტომობილი. დღეის მდგომარეობით, ეს რიცხვი 580 000-დან 600 000-მდეა. ეს ტენდენცია გრძელდება და გაგრძელდება. ევროპაში ავტომობილი ჰყავს მოსახლეობის 70%-ს და კვირაში ხუთი დღე ან მეტი, ავტომობილით გადაადგილდება 12%. დედაქალაქში
ავტომობილს ფლობს, დაახლოებით, 45% და კვირაში ხუთი დღე ავტომობილს გამოიყენებს მფლობელების 97%. ამ რეალობაში გვიწევს სატრანსპორტო რეფორმის გატარება. მესმის, რომ ის არაპოპულარულია, მაგრამ საუბარია ამ ქალაქის მომავალზე. წლების წინ რომ დაეწყოთ აღნიშნული რეფორმის განხორციელება, დღეს თბილისში სხვა რეალობა გვექნებოდა. არ ვუშინდებით აღნიშნულ გამოწვევებს, გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში არავის არაფერი გაუკეთებია. 2017 წელს დავიწყეთ ამ რეფორმის განხორციელება. ხედავთ, რამხელა ძალისხმევა იდება მასში, რამხელა ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება მუნიციპალიტეტს. ცენტრალურ ხელისუფლებას და პირადად პრემიერ-მინისტრს, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას, რადგან აღნიშნული სიახლეების დანერგვა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები