საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 3.9%-ით შემცირდა – ”საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 52 ათასი კაცით (6.0%) და 913.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.8 ათასით გაიზარდა (6.2%) და 444.3 ათასი შეადგინა.

„ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 60.1 ათასით (19.3%) და 250.7 ათასი შეადგინა. 2022 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 45.9 ათასი კაცით (5.3%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 43.1 ათასით (10.7%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 30.8 ათასითაა (11.0%) შემცირებული.

2022 წლის III კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 45.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე გაიზარდა როგორც ქალაქის ტიპის (1.8 პროცენტული პუნქტით), ისე სოფლის ტიპის (3.8 პროცენტული პუნქტით) დასახლებებში და შესაბამისად 45.4 პროცენტი და 44.9 პროცენტი შეადგინა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები