,,უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის”- ”ხალხის ძალა”

,,2004-12 წლებში, როდესაც ხელისუფლება გარედან მართული აგენტურით იყო დაკომპლექტებული. ყველა უბედურება არა მხოლოდ რეჟიმის უცხოელი პატრონების მდუმარე მხარდაჭერით, არამედ პირდაპირ მათი კარნახით ხდებოდა“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დეპუტატები აშშ-ს სენატში გუშინ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ  უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის.

„გუშინ ამერიკის სენატში გაიმართა დებატები საქართველოს თემაზე, სადაც „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობით გამორჩეული სენატორები ამერიკული დაფინანსების შეწყვეტით დაგვემუქრნენ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი „ენჯეოებზე“ არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება. ვფიქრობთ, ღირსების საქმეა, საკუთარი აგენტურის დაფინანსების დამადლების უფლება არავის მივცეთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. ამდენად, ენჯეოების დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ.

სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის, სახალხო სუვერენიტეტისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების შესაბამისად არ იმართება, სრულფასოვანი სახელმწიფო არაა. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ამ ცნებებმა სრული პერვერსია განიცადა. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ყველამ იცის, რომ კონსტიტუციურად ყველაზე დიდი ძალაუფლების მატარებელი პირი – ამერიკის პრეზიდენტი სინამდვილეში სახელმწიფოს არ მართავს. ამასთან, დედამიწის ზურგზე ვერავინ იტყვის, პრეზიდენტის მაგივრად, ვინ მართავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს. დღევანდელ ამერიკულ მმართველობას რომ ხედავდნენ, ამერიკის დამფუძნებელ მამებს – ვაშინგტონს, ჯეფერსონს, ჰემილტონს ან მედისონს, ალბათ, მძიმე დეპრესია დაეუფლებოდათ. უხეში ხარვეზებით ჩატარებულ კონგრესის არჩევნებზე, რომლის შედეგების შეჯამებას კვირაზე მეტხანს მოუნდნენ, ბევრს აღარ ვისაუბრებთ.

ანალოგიური ვითარებაა ევროპაშიც, სადაც სახელმწიფოების უმრავლესობას სუვერენიტეტი არსებითად დაკარგული აქვს. დღევანდელ სამყაროში დემოკრატია ნიშნავს „აგენტოკრატიას“. ფართოდ დანერგილი მოდელის მიხედვით, ყალიბდება სამთავრობო კოალიციები, რომლებშიც პარტიების უმრავლესობა უცხოური გავლენის აგენტურას წარმოადგენს. ასეთ პირობებში კი, სამთავრობო კოალიცია არა ეროვნული ინტერესების შესაბამისად, არამედ, თავიდან ბოლომდე, გარე ინტერესების გავლენის ქვეშ მოქმედებს.

ამგვარი ვითარება გვქონდა საქართველოში 2004-12 წლებში, როდესაც ხელისუფლება გარედან მართული აგენტურით იყო დაკომპლექტებული. ყველა უბედურება – ადამიანების წამება და გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მონოპოლიზება, რუსეთისთვის ტერიტორიების ჩაბარება და სხვ. – არა მხოლოდ რეჟიმის უცხოელი პატრონების მდუმარე მხარდაჭერით, არამედ პირდაპირ მათი კარნახით ხდებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები