მოსახლეობის სოციალური პრობლემების შესახებ NDI-ის გარეშეც ვიცით – რომან კაკულია სოციოლოგიურ კვლევებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია NDI -ის კვლევებს აფასებს და აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვას სჯობდა, რადგან ხელისგულზე იდო ყველა ის უარყოფითი შეფასება, რაც საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ არსებობს.

როგორც რომან კაკულიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ შემთხვევაში NDI -ის კვლევები დაახლოებულია რეალობასთან, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კითხვები თავად ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით
არსებობს.

​მისივე თქმით, საქართველო, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, სოციალური ურთიერთობების ძალიან ფართო სპექტრით გამოირჩევა და სოციალური კვლევა ყოველდღიურ ურთიერთობებში დევს.

“NDI საჭიროა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, რადგან მათ შეექმნათ წარმოდგენა საქართველოზე. “ჩემი უბნელი”, “ჩემი მეზობელი”, “ნათესავი”, “ახლობელი”, – ასეთი ტერმინებით სხვაგან მგონი, არც სარგებლობენ. იმხელა არის ჩვენი სოციალური სფერო, რომ სოციოლოგიური კვლევა ჩვენს ურთიერთობებში დევს. ჩვენ არავითარი NDI არ გვჭირდება, თუ კარგად გავიხედავთ ჩვენს ირგვლივ რა ხდება. ყველაფერი ხელისგულზე დევს. თემები, რაც დაკავშირებული იყო კორუფციასთან, სასამართლოსთან, იმასთან, რომ სიღარიბის შემცირება, ტენდენციების მიუხედავად, საკმარისი არ არის – ეს ჩვენი ხელისუფლებისთვის გამოწვევაა. კორუფციასთან დაკავშირებით ყოველდღე ვხედავთ გარკვეულ ქმედებებს, გააქტიურება არის, განსაკუთრებით რეგიონებში, ეს დადებითი ტენდენციაა და პასუხია საზოგადოების მოთხოვნაზე”, – განაცხადა რომან კაკულიამ “მთავარში”.

​მისივე შეფასებით, როდესაც გამოკითხული მოსახლეობის 49% უარყოფითად აფასებს ხელისუფლების საქმიანობას, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ამის საფუძველი აქვთ.

რომან კაკულიას თქმით, ქვეყანაში სიღარიბე ნამდვილად მცირდება, განვითარების ტენდენციებიც ყველა მიმართულებით არის, მაგრამ ამას აქვს თავისი მასშტაბები, ტემპები და ზეგავლენის ფაქტორი მთლიანად ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

“რაც არ არის საკმარისი, ეს მთლიანად გუნდმაც დაინახა, თანაც 6 წლის მმართველობის შემდეგ, როდესაც დაპირებები გაცილებით მასშტაბური იყო და გაცილებით ნაკლების მიღწევა მოხერხდა, ცხადია, ეს ოპოზიციამაც გამოიყენა და საზოგადოებასაც მეტი მოთხოვნა აქვს. გაიხსნა საზღვრები, დადიან ევროპაში, ხედავენ ცხოვრების დონეს და არავის აინტერესებს ის, რომ განვითარების მხრივ ევროპაში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე მყოფი ქვეყანა ვართ”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია.  

მსგავსი თემები