„რომ დავუშვათ, არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება პოლარიზაციის წამახალისებელი მოვლენა“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს ქვეყანაში პოლარიზაციის წამახალისებელი იქნება. როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლების ხსენება სწორედ პოლარიზაციისკენაა მიმართული.

„როდესაც საუბარია ე.წ პოლიტპატიმრების, ანუ სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებაზე, ნებისმიერი ასეთი განცხადება არის პოლარიზაციისკენ მიმართული და იძლევა ახალი სპეკულაციების წამოწყების საშუალებას.  ნებისმიერი ასეთი განცხადება და მით უმეტეს, რეზოლუცია, რა თქმა უნდა, წყალს ასხამს იმ წისქვილზე, რასაც პოლარიზაცია ჰქვია“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისივე შეფასებით, დეპოლარიზაციის საუკეთესო საშუალება სტატუსის მინიჭებაა.

„თუ ევროპული საბჭო გადაწყვეტს, რომ ხელი შეუწყოს დეპოლარიზაციას, ვითარების განმუხტვას და პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ რელსებზე გადაყვანას, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. თეორიულად რომ დავუშვათ, რომ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება პოლარიზაციის წამახალისებელი მოვლენა. იმედი გვაქვს, ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სწორედ რომ დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს და არა პირიქით“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები