„ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი“ – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ 12 პუნქტიან გეგმაში ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი და მას კორექტირება არ სჭირდება. მისივე შეფასებით, ოპოზიციის ინტერესია, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი დეკემბერშიც ვერ მიიღოს.

„ წარმოვადგინეთ დეტალური გეგმა, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას. აქ დეტალურად არის გაწერილი პასუხისმგებელი სუბიექტები და ეჭვს ვერავინ შეიტანს იმაში, რომ რამე ლოგიკაა დარღვეული. არის მისაღები კანონები. ძირითადად საუბარია კანონების მიღებაზე სხვადასხვა სფეროში. დეტალურად წერია, ვინ რას აკეთებს და როდის აკეთებს. აქედან გამომდინარე, კორექტირების არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისივე შეფასებით, კანდიდატის სტატუსის მიღება მთავრობის ინტერესია, ოპოზიციას კი სხვა გეგმები ამოძრავებს.

„არსებობს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, კანდიდატის თემაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას გვაქვს სუბიექტური ინტერესი, რომ ქვეყანამ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი. ეს არის ის, რომ საქართველომ დეკემბერშიც არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამაში ხედავენ ერთადერთ შანსს, შანსს იმისა, რომ რაღაცნაირად არიონ სიტუაცია, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“ – აცხადებს კობახიძე.

 

მსგავსი თემები