,,ყველაზე მეტი რუსული საქმე ამ ქვეყანაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში აკეთა სააკაშვილმა”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება. მისი შეფასებით,  EPP-ის სახელით გამოქვეყნებული სტატიის მიზანი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელის შეშლაა.

„აქ მოქმედებს სამწუხარო პრინციპი, რომელიც ისტორიულად ცნობილია, რომ ვიღაც ცუდი ბიჭია, მაგრამ არის ჩემი ცუდი ბიჭი. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა, ცოტა რბილად ვთქვი, „ნაცმოძრაობასაც“ უფრო უხეში ტერმინები შეესაბამება. რეალობა ეს არის, სამწუხაროდ, EPP-ისთვის ეს არის დამახასიათებელი, შეუძლია ხელი დააფაროს ისეთ პოლიტიკურ პარტიასაც კი, თუ არის წევრი, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და „ნაცმოძრაობა“ ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ეს არის ძალიან სამწუხარო. ეს არის ერთი მხარე და მეორე მხარე არის ის, რომ ეს იყო სრული ლუსტრაცია. ამ განცხადებიდან, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ დაწერა და შემდეგ EPP-ის სახელით გამოქვეყნდა, პირდაპირ იკითხება მიზანი და ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ დროის განმავლობაში, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი აწარმოებენ კამპანიას კანდიდატობის წინააღმდეგ. არც ერთი სიტყვით არ არის მოწოდება ევროკავშირის მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, „ნაცმოძრაობამ“ ეს არ ჩათვალა საჭიროდ საკუთარ ტექსტში.

გარდა ამისა, მთელი ტექსტი ისეა აგებული, რომ სწორედ საპირისპირო გადაწყვეტილებისკენ უბიძგებს ევროკავშირს. აქედან ჩანს სინამდვილეში რა არის ნაცმოძრაობის ნამდვილი მიზანი. ეს არის მათთვის ერთგვარი ბოლო იმედი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის ცნობით, ოპოზიციის წარმომადგენლები აგიტაციას აწარმოებენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

„რაც შეეხება მათ აგიტაციას, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმ კაბინეტებიდან და დერეფნებიდან სადაც ისინი დადიან და ამ აგიტაციას აწარმოებენ. რა თქმა უნდა წყაროს ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ დავაკონკრეტებთ, მაგრამ არც არის საჭირო ერთი მარტივი მიზეზის გამო – ისინი ამ აგიტაციას აწარმოებენ აბსოლუტურად საჯაროდ. თქვენ ნახეთ მაგალითად საპარლამენტო დებატები, სამი საათი დაუთმეს იმაზე საუბარს, თუ რატომ და როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. ყველაფერი დღის შუქზეა გამოტანილი, არავითარი დამატებითი მტკიცებულებაც კი არ სჭირდება ამ ყველაფერს. „ნაცმოძრაობის“ ბოლო განცხადება, რომელიც EPP-ის სახელით გამოქვეყნდა, იყო ბოლო ბეჭედი ამ ყველაფერზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველაზე მეტი რუსული საქმე პოსტსაბჭოთა სივრცეში მიხეილ სააკაშვილმა აკეთა.

,,პრორუსობისთვის, პროდასავლობისთვის და ორიენტაციისთვის ზოგადად, ვერც ვერავის დაიჭერ და ვერც ვერავის გაათავისუფლებ და მეორე, მე მგონია, რომ ყველაზე მეტი რუსული საქმე ამ ქვეყანაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში აკეთა სააკაშვილმა, შედეგებით, კონკრეტული ნაბიჯებით გაკეთდა ეს ყველაფერი,”- აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები