ევროპული საბჭო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადს  კანდიდატობასთან დაკავშირებით, ივნისში მიუბრუნდება   

ევროპულმა საბჭომ, სხდომის შემდეგ დასკვნითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განცხადებაზე. როგორც საბჭოს ერთობლივ გზავნილშია ნათქვამი, ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე განიხილავენ.

„ევროპული საბჭო გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომს. მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი განურჩეველი თავდასხმა მოქალაქეებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა თავისი სამხედრო დანაყოფი და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე, გამოწვეული ტანჯვა და ნგრევა აღუწერელია. ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო გასასვლელი ყველა მოქალაქისთვის. ევროპული საბჭო ელოდება, რომ სრულად დაცული იქნება ჰუმანიტარული სამართალი, მათ შორის სამხედრო პატიმრებისადმი მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენცია. ის ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას რუსეთის მიერ იძულებით გადაყვანილი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხო დაბრუნება“,  – წერია განცხადებაში.

ევროპული საბჭო მზადაა რუსეთსა და ბელარუსზე ზეწოლა გააძლიეროს.

„სანქციების გვერდის ავლის ან რუსეთის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა უნდა იქნას აღკვეთილი. მოვუწოდებთ ქვეყნებს, შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

ევროპული საბჭო მიესალმება წევრი ქვეყნების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კანონმდებლობაში კონფისკაციის ზომების გათვალისწინებისკენ და მოუწოდებს საბჭოს, სწრაფად განიხილოს ევროკომისიის ინიციატივა ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის ზომების შესახებ.

მსგავსი თემები