თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებას, ფრაქციის სხდომაზე, სადაც უკანონო მშენებლობების საკითხზე ვიცე-მერი და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი იყო დაბარებული, მაგრამ არ გამოცხადდნენ. მისივე თქმით დედაქალაქში არსებულ ყველა უკანონო მშენებლობას მოჰყვა სათანადო რეაგირება და “ნაციონალურ მოძრაობაში” ტყუიან.
„ხმალაძე მივა იქ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა. ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ძალიან ბევრჯერ მოხვდა „ნაციონალურ მოძრაობას” ცხვირ-პირში ამ ტყუილისთვის. ამას გადავწყვეტ მე. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ პროექტს, რომელიც უკანონოდ ხორციელდება, რომ მას არ მოჰყოლოდა შესაბამისი რეაგირება, მუნიციპალიტეტის მხრიდან.
ჩვენ ვართ ის ადამიანები, პირადად მე ვარ ის მერი, ვინც მიიღო გადაწყვეტილება და უკანონო მშენებლობები გაიყვანა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ამაზე იყო ძალიან მცირე ჯარიმები, რომელიც არანაირ შესაძლებლობას არ იძლეოდა იმისა, რომ უკანონო მშენებლობები შეჩერებულიყო, ამიტომ ადამიანს უღირდა 3000-დან 12 000-მდე ლარის გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 50 000-მდე გავაძვირეთ ჯარიმები, მაინც ვერანაირად ვერაფერი მოვუხერხეთ, შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი დანაშაული უკანონო მშენებლობაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უკანონო მშენებლობები.
მე მინდა, განვმარტო ერთი რამ, ეს სპეკულაციები და სიცრუე, რაც ხდება, როდესაც ხდება სახელმწიფო მიწების დატაცება და შემდეგ უკანონო მშენებლობის განხორციელება, ვითომ უსახლკაროები რომ აკეთებენ, მუნიციპალიტეტი ვალდებულია, რომ პირდაპირ იმოქმედოს და განახორციელოს ამ მშენებარე ობიექტების დემონტაჟი. როდესაც კერძო საკუთრებაზე მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, მუნიციპალიტეტს არანაირი უფლება არ გააჩნია კანონით, რომ შევიდეს და განახორციელოს სადემონტაჟო სამუშაოები. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, იმოქმედოს კანონის ფარგლებში, გამოწეროს ჯარიმები და შემდეგ ეს ყველაფერი გადასცეს აღსრულების ბიუროს”, – განაცხადა კალაძემ.