ამ ეტაპზე 1 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურში 45 000 ათასი განაცხადია რეგისტრირებული

  •  

პროგრამულად შესაძლებელია იმის იდენტიფიცირება, ნამდვილად ჰქონდა თუ არა 2020 წლის განმავლობაში მინიმუმ ორი თვე ხელფასი დასაქმებულს. შესაბამისად, ამას ვაკეთებთ კიდევაც შემოსავლების სამსახურში და მხოლოდ ამის იდენტიფიცირების შედეგად ვაგზავნით შემდგომში ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში კომპენსაციის მიღების მიზნით, – ამის შესახებ  შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან დგებუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კომპანია იკადრებს და თანამშრომელს კომპენსაციის მიღების მიზნით შეგნებულად გაათავისუფლებს, მსგავს ფაქტებს შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები შეისწავლიან.

„რაც შეეხება იმას, რომ რომელიღაც კომპანია კადრულობს და შეგნებულად ათავისუფლებს თანამშრომელს, რათა კომპენსაცია მიიღოს, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, მოგვაწოდონ ასეთი ინფორმაცია ყველა ამ კომპანიაზე და ამას შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები შეისწავლიან. ეს უკვე შესწავლის და კვლევის საგანია, რომელსაც ჭირდება დადასტურება ასეთი ფაქტის“, – განაცხადა დგებუაძემ.

ამასთან, ლევან დგებუაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 1 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურში 45 000 ათასი პირის განაცხადია რეგისტრირებული.

„ამ წუთის მდგომარეობით სტატისტიკა ისეთია, რომ 45 000 ფიზიკურ პირზე არის უკვე დარეგისტრირებული განაცხადი. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მიიღებს თვეში 200 ლარს ექვსი თვის განმავლობაში, ჯამურად 1 200 ლარის ოდენობით, ესენი არიან შემდეგი ფიზიკური პირები: 2020 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, მინიმუმ ორჯერ უნდა ჰქონდეს ხელფასი ჩარიცხული ფიზიკურ პირს, ხოლო შემდეგ, 2020 წლის დეკემბერში და 2021 იანვარ-თებერვალში. თუ ერთი თვე მაინც არ აქვს ხელფასი მიღებული, ასეთი ფიზიკური პირები მიიღებენ კომპენსაციას. განაცხადებს წარმოადგენენ დამსაქმებლები, რომლის წარდგენაც ხდება ელექტრონულად და არ არის საჭირო სერვისცენტრში ვიზიტი. შესაბამისად, გამოგზავნილ ინფორმაციას ჩვენ მყისიერად გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს“, – აღნიშნა ლევან დგებუაძემ.

მსგავსი თემები