„ამათ მალე მოუწევთ მონებივით ხოხიალი“ – თენგიზ კალანდია მოსამართლეებზე

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ თვლის დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა. თენგიზ კალანდია მიიჩნევს,რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ოჯახი დავის გაგრძელებას აპირებს. კალანდია თვლის, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ფონზე სასამართლოს ინტერესში არ შედიოდა სარალიძის გაღიზიანება.

“არავითარ მოულოდნელობას არ ჰქონია ადგილი, ესენი ხომ მონები, მარიონეტები არიან! გასაჩივრებას აზრი იმის გამო აქვს, რომ სტრასბურგში წავიდეთ, თორემ აქ რომ შედეგი არ დადგება, ვიცი. ესენი არიან მონები, მარსაგიშვილის და სანდოძის თამადობით. ამათ მალე მოუწევთ მონებივით ხოხიალი. ახლა ეშინიათ, შაქარაშვილზე ამბავია ატეხილი და არ უნდოდათ კალანდიაც დამატებოდათ. საქმეში მტკიცებულებები არ არის, არის ვიღაცის მონათხრობი, ვიღაცის განაგონი და ვიღაცის ზღაპრები. გაუგონარია, ზღაპრებით ადამიანს 15 წლით ციხეში უშვებდნენ, ეს არსად ხდება, ეს მხოლოდ დამპალ საქართველოში ხდება!”, – განაცხადა კალანდიამ.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით შეუფარდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, კალანდიას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა პალატამ გამოაცხადა და აღნიშნულით ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

მსგავსი თემები