„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა, რომლებსაც არ აინტერესებთ რას ფიქრობს მათზე დასავლეთი” – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  „ევროპულ საქართველოსა“ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიპლომატების მოწოდების სანახევროდ შესრულებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათთვის დიპლომატების განცხადებები არაფერს ნიშნავს.  

„ელჩებმა, ჯერ კიდევ პირველ კენჭისყრამდე, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. თქვენ ნახეთ, პირველი მოსმენის დროს ერთ-ერთმა რადიკალურმა პარტიამ – „ევროპულმა საქართველომ“ მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში. ამით სანახევროდ შეასრულეს ელჩების მხრიდან გაკეთებული მოწოდება, თუმცა არც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და არც „ევროპულმა საქართველომ“ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არად დაგიდებენ ელჩების ასეთ მოწოდებას“, – ეს განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ელჩების მოწოდების შესრულებაზე უარის თქმა კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ რეალურად არიან ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ  რას ფიქრობს მათზე დასავლეთი.

„მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი – განახორციელონ საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და ამისთვის მზად არიან ნებისმიერი უპრინციპო ნაბიჯისთვის. დღევანდელ კენჭისყრაში არ მონაწილეობაც იყო უპრინციპობის და ასევე, არათანმიმდევრულობის კიდევ ერთი გამოვლინება. ჯერ მოდიან პირველ მოსმენაზე და არ მოდიან მეორე მოსმენაზე. ეს მათ აგდებთ აბსოლუტურად კომიკურ ვითარებაში, გამომდინარე იქიდან, რომ არათანმიმდევრულობაზეც მეტყველებს ასეთი ცვალებადობა მათი ნაბიჯების. ანუ ერთი, რომ ისინი მიდიან ელჩების წინააღმდეგ, რაც, ბუნებრივია, სათანადო რეაგირებას პოვებს ელჩების მხრიდან, დასავლეთის მხრიდან და მეორე, ისინი გამოირჩევიან სრული არათანმიმდევრულობით, რაც, ბუნებრივია, დამატებით აზიანებს მათ ისედაც შელახულ იმიჯს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

მსგავსი თემები