“მუნიციპალური ტრანსპორტი არის ჩვენს პირობებში ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი გავრცელების” – გიორგი გახარია

მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტი ინფექციის გავრცელების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველია.

„გასაგებია ეს ყველაფერი, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი არის ჩვენს პირობებში ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი გავრცელების. ვსაუბრობდით ღია ბაზრობებზე, სადაც ადამიანები უკვე სოციალური პროტესტით ფიქრობენ, იქაც რაღაც კომპრომისი უნდა ვნახოთ და ალბათ ის ნაწილი, სადაც ქუჩიდან შესასვლელები არის ამ ბაზრობების გარკვეულ ობიექტებზე, შეიძლება, ფრთხილად, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაც გავაკეთოთ. მეგობრებო, ჩვენი წარმატების ძირითადი მიზეზი  გახლავთ ის, რომ ჩვენ ძალიან ადრე ექიმების რეკომენდაციებს მივყევით და მსხვილი ბლოკების გათიშვით მივაღწიეთ მობილობის დავარდნას და არ გავუშვით იმპორტირებული ინფექციის სწრაფი გავრცელება ქვეყანაში. შესაბამისად, შემდგომ, ამ ორ თვეში ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტურად მუშაობის შედეგად სისტემა მოამზადა იმისთვის, რომ ნორმალურად მიეღო, ემკურნალა და ნორმალურ ცხოვრებაში დაებრუნებინა ხალხი. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გააკეთა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პირველი არასდროს არ ვყოფილვართ ტესტების რაოდენობით, ამ ტესტების მიზნობრიობის ხარისხი გვაქვს უბრალოდ მაღალი. აქედან გამომდინარეობს ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, თუ ეს ყველაფერი არ შენარჩუნდა , გაჭირდება დასახული მიზნების მიღწევა – ეკონომიკის ამუშავება და კრიზისის, როგორც ქვეყნისთვის შესაძლებლობის გამოყენება.

„ამის ძალიან კარგი პლატფორმა გვაქვს ახლა და ეს წყნარად, მშვიდად, ყველანაირი რეზისტენტულობის გარეშე უნდა გავაკეთოთ, რას გვაბრალებენ, რას გვეძახიან, ყველაზე კარგი საბოლოო შემფასებელი მაინც არის მოქალაქე, რომელიც მივა საარჩევნო ყუთთან და თავის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები