“სწორება უნდა მომხდარიყო საარსებო მინიმუმზე, 390 ლარზე და დახმარება უნდა ყოფილიყო უნივერსალური” – ბექა ნაცვლიშვილი

“მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა სრულყოფილი არაა და ძალიან ბევრ ადამიანს ტოვებს ელემენტარული დახმარების გარეშე”, – ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას.

ბექა ნაცვლიშვილის განმარტებით, საქართველოში საარსებო მინიმუმი 390 ლარია და  აქედან გამომდინარე, სწორება უნდა მომხდარიყო რეალურ საარსებო მინიმუმზე. 

“სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებით, 200 ლარი საკმარისი არაა. როდესაც მე ვსაუბრობდი ამ დახმარებაზე, სუბარი მქონდა საარსებო მინიმუმზე და როგორც მთავრობა აცხადებს, ის არ არის 190 ლარი ერთ ზრდასრულ ადამიანზე, არამედ საქართველოში საარსებო მინიმუმი მინიმუმ 390 ლარია. აქედან გამომდინარე, სწორება უნდა მომხდარიყო რეალურ საარსებო მინიმუმზე”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებმაც სამსახური კრიზისამდე დაკარგეს, დახმარების გარეშე რჩებიან.

“რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც კრიზისამდე დაკარგეს სამსახური და ისინი არ არიან სოციალურად დაუცველები, შესაბამისად, არც დადგინდება მათი არაფორმალურ სექტორში დასაქმების მდგომარეობა და ვერც თვითდასაქმების მდგომარეობა დადგინდება, ეს ადამიანები მთლიანად დახმარების გარეშე რჩებიან. 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია “ფრონტერამ” წააგო დავა სახელმწიფოსთან, ჯერ კიდევ როდის ჩავერთეთ ამ პროცესში და ამ ადამიანებს დღემდე არ მიუღიათ კუთვნილი ხელფასი და დღეს ვეკითხები მთავრობას, რას მიიღებენ ეს ადამიანები მინიმუმ ამ სოციალური დახმარების პაკეტიდან, მაშინ როდესაც, მათ კრიზისამდე უფრო ადრე დაკარგეს სამსახური”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ გაწეული დახმარება უნდა ყოფილიყო უნივერსალური.

“ადამიანებმა, რომლებმაც კრიზისამდე დაკარგეს სამსახური, ეს ადამიანები არ არიან სოციალურად დაუცველები, მათი მდგომარეობა გაუარესდა. ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, დღეს მათთან ვერ მივა სოციალური მუშაკი და მათ მდგომარეობას ვერ შეაფასებს. ისინი უბრალოდ ვერ მოხვდებიან იმ კატეგორიაში, რომლებიც დახმარებას მიიღებენ. ასეთი ადამიანები ბევრად მეტნი არიან”, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები