“ბანკებს ვჩუქნით 600 მილიონს, რაც არანორმალურია” – ბექა ნაცვლიშვილი

“ბიუჯეტი ფული არის. 3 მილიარდი ფული როდესაც შემოვიდა და 500 მილიონს, თუ 600 მილიონს ზუსტად ამ პროგრამით ბანკებს ჩუქნი, არანორმალურია. ბანკებს კი არ უნდა აჩუქო ამდენი ფული, არამედ ამ ხალხს უნდა მისცე”, – ასე უპასუხა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრი მთავარის” კითხვას, ანტიკრიზისული გეგმა უფრო “უნივერსალური” რომ ყოფილიყო, გაუძლებდა თუ არა ბიუჯეტი ამდენს.

“ამ ხალხზე ფულის მიცემა არ ნიშნავს, რომ ეს კეთილი ჟესტია, ეს ეკონომიკასაც დაეხმარება. თუ მოხმარება არ გაიზარდა, ის ეკონომიკის ეტაპობრივი გაზრდის გეგმა არაფრის მომტანი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებს ფული არ ექნებათ, რომ იმ მაღაზიებში შევიდნენ, რომლებიც გაიხსნება; თუნდაც იმ კვების ობიექტებში შევიდნენ, რომლებიც გაიხსნება. ჩვენ ხომ ისეთი ეკონომიკა არ გვაქვს, რომ რომ რამეს ვაწარმოებთ, ჩვენ გვაქვს ისეთი ეკონომიკა, რომელიც ელემენტარულ სერვისზეა დამოკიდებული. ამ ადამიანებს თუ ამ სერვისის მოხმარების შესაძლებლობა არ ექნებათ, ეს ხომ ფუჭია, ეკონომიკას გავხსნით თუ არა”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

რაც შეეხება გადასახადების შემცირებას, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ეს ინიციატივა მათ დიდი ხნის წინ ჰქონდათ შეთავაზებული.

“ეს გეგმა ვერც ეკონომიკას წაახალისებს, კი, რიგი ადამიანების მდგომარეობას გააუმჯობესებს, მაგრამ არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს და საჭიროებს დახმარებას”, – დასძინა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილი მიკოროსაფინანსოების საკითხსაც გამოეხმაურა.

“ბანკები გასაგებია, რომ თანამშრომლობენ, მაგრამ მიკროსაფინანსოებმა ითანამშრომლეს?! სად არიან მიკროსაფინანსოებისგან დაზარალებული ადამიანები, რომელთაც სესხის გადავადება არ შეეხოთ. როდესაც სახელმწიფო ამბიციას აცხადებს, რომ ის სიტუაციას მართავს, ეს არ არის მართვა”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები