გერმანიაში პოლონურ, რუსულ, თურქულ თუ არაბულ ბანდებს ქართულმა გაუსწრო და დაწინაურდა

ექსკლუზიური ინტერვიუ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ელიკო წიკლაური-ლამიხთან

ესაუბრა ეკა გულუა

არალეგალები გერმანიაში; ვიზალიბერალიზაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები; საქართველოს მოქალაქეთაგან თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის ტენდენცია; 18-30 წლის ასაკის მამაკაცები, რომელთა გარკვეული ნაწილი უცხოეთში თავშესაფრის მაძიებლები არიან და დაკავებული არიან ქურდობითა და სხვა სახის კრიმინალური საქმიანობით; რატომ მიაჩნიათ გერმანიის კრიმინალური გამოძიების სამსახურში, რომ განსაკუთრებულად ვიზალიბერალიზაციის შემდეგ,  საქართველოდან გერმანიაში ორგანიზებული კრიმინალური ბანდები ჩადიან?!

ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაზედაც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მრჩეველ- კონსულტანტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი ექსკლუზიურად მედიაცენტრ „მთავართან“ საუბრობს.

ოჯახური პროფილი

საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო კომიტეტის მრჩეველ – კონსულტანტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის ქალაქ ფრაიბურგის “მაქსპლანკის” ინსტიტუტის (სადაც მთელი მსოფლიოს სისხლის სამართალი და კრიმინოლოგია ისწავლება) განყოფილების ხელმძღვანელი 30 წელზე მეტია უცხოეთში ცხოვრობს. ჯერ მოსკოვში, ასპირანტურაში სასწავლებლად გაემგზავრა, სადაც იმდენად წარმატებული აღმოჩნდა რომ  სამსახური შესთავაზეს. 6 წელი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათ აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში  გერმანულენოვან ქვეყნებთან კონტაქტისა და სამეცნიერო კავშირებზე მუშაობდა.

მეუღლე – მსოფლიოში ცნობილი პროფესორი ზიგფრიდ ლამიხი, მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის “მაქსპლანკის” ინსტიტუტში პროფესორმა იეშეკმა დირექტორის მოადგილედ მიიწვია, სადაც 30 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს კურირებდა. მანამდე კი კიოლნის უნივერსიტეტში მუშაობდა, სადაც პროფ. ბრუნერთან და სხვა კოლეგებთან ერთად სათავე  დაუდო აღმოსავლეთ ევროპის სამართლის შემსწავლელ ცენტრს, რომელიც  დღესაც ფუნქციონირებს და მისი დირექტორი დღევანდელი ევროსასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე  პროფესორი ანგელიკა ნუსბერგერია. პროფესორი,ზიგფრიდ ლამიხი, გახლავთ პირველი გერმანელი მკვლევარი, რომელიც ჯერ კიდევ 80- იან წლეებში საქართველოში ჩამოვიდა და  ქართველ იურისტ მეცნიერებთან კონტაქტები დაამყარა.  პროფესორი ზიგფრიდ ლამიხი იყო გამოჩენილი მეცნიერიდა ადამიანის უფლებების დამცველი. მისი შრომები მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი და თვითონაც რამოდენიმე ენაზე წერდა.

სწორედ ლამიხების ოჯახის დამსახურებაა რომ ჯერ კიდევ 35 წლის წინათ, ქართველ იურისტებს მიეცა საშუალება რეგულარულად მიეღოთ გრანტები და აემაღლებინა თავისი კვალიფიკაცია დასავლეთ გერმანიაში, მაქს/პლანკის ინსტიტუტში.

ქაბატონ ელიკოს ჰყავს 2 ქალიშვილი და 1 ვაჟი.

ვაჟი თეოდორი იურისტია, წარჩინებით ამთავრებს გერმანიის ერთ- ერთ საუკეთესო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს. აპირებს, სწავლა „ოქსფორდში“გააგრძელოს. თეოდორი ასევე წარმატებულია გერმანულ პოლიტიკაშიც. ის არის CDU მერკელის პარტიის ახალგაზრდული კავშირის სამხრეთ გერმანიის კავშირის თავმჯდომარე და წარმატებები აქვს სამეცნიერო ხაზითაც. ქალბატონი ელიკო „ქრისტიანულ დემოკრატიული პარტიის“, ქალაქ ფრეიბურგის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ანა არქიტექტურის ფაკულტეტს ამთავრებს და მიაჩნია რომ საქართველოში ძველ არქიტექტურას ნაკლები ყურადღება ექცევა და ახალი არქიტექტურა კი ძველი ქალაქის თავისებურებას არ ითვალისწინებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში და კერძოდ თბილისში, ბევრი ძველი შენობა მე- 20-ე საუკუნის დასაწყისში სწორედ გერმანელი არქიტექტორების აშენებულია, როგორებიც იყვნენ არქიტექტორი შტერნი და სხვ.

ანა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თბილისში აპირებს ჩამოსვლას.

უფროსი ქალიშვილი კატო სამედიცინო უნივერსიტეტს ამთავრებს. ის საქართველოშიც მუშაობდა, კერძოდ, დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან. კითხვაზე თუ რა შთაბეჭდილებით დაბრუნდა გერმანიაში, გვითხრა, რომ შრომის ორგანიზაცია და კულტურა მაღალ დონეზე არ არის. მას ძალიან უყვარს საქართველო და სურვილი აქვს, აქ გაიაროს სამედიცინო პრაქტიკა.

​პირველად დასავლეთ გერმანიაში

ელიკო წიკლაური-ლამიხი: „ დასავლეთ გერმანიაში პირველად რომ ჩავედი, თვალში მომხვდა, რომ  აქ საქმისადმი ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ. უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სამუშაოს  ვიდრე  სხვაგან. რა თქმა უნდა, სანაცვლოდ,  მათი სოციალური დაცვა და სამედიცინო დაზღვევა სამართლებრივადაა მოწესრიგებული. ჩემთვის უცნობი იყო, რომ მუშაობის უფლების ავტომატურად მისაღებად გერმანიაში ცხოვრება საკმარისი არ იყო და არსებობდა  განსაკუთრებული პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისჯებოდა  როგორც დამსაქმებლი, ასევე დასაქმებული. ეს კი მეტყველებს, რომ შრომის ბაზარი დაცულია და საკუთარ მოქალაქეებს გარანტიებს უქმნის“.

როგორც ქალბატონი ელიკო გვიყვება, მაქს/პლანკის საზოგადოების სისტემაში (გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის შტო, სადაც დღემდე მოღვაწეობს) მოხვედრა ძალიან ძნელია და ეს გერმანელებსაც კი უჭირთ.   არის შემთხვევები როდესაც სპეციალურად იწვევენ გამოჩენილ მეცნიერებს, როგორიც არის ასე პროფ. გია დვალი (მიწვეულია მიუნხენის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად).  სამეცნიერო საქმიანობაში ქალბატონ ელიკოს  დიდი გამოცდილება და  შესაძლებლობები, ენების ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება იმდენად საჭირო და მნიშვნელოვანი იყო, რომ ინსტიტუტში, სადაც მთელი მსოფლიოს სისხლის სამართალი და კრიმინოლოგია შეისწავლება, მუშაობა შესთავაზეს.

ელიკო წიკლაური-ლამიხი: „ზოგადად, სამართლის დასჯითი პოლიტიკის მომხრე არ ვარ და მიმაჩნია, რომ ბევრი რამ, ცალკეული შემთხვევების გარდა, შესაძლებელია, დიალოგის გზით მოგვარდეს. როცა ჩემს პროფესიაზე ვფიქრობდი, არც სასამართლოს მიმართულებით მინდოდა წასვლა და არც პროკურატურის. რადგან, შეცდომებისგან დაზღვეული არავინ ვართ. თუმცა, წარჩინებული სტუდენტი ვიყავი და ყველა ამ სისტემაში მიწვევდნენ.  მიმაჩნდა, რომ შესაძლოა, მეც შემეშალოს რამე და არ მინდოდა ამ ცოდვით მეცხოვრა. ამიტომ, მეცნიერული მიმართულება ავირჩიე და ჩემი პირველი ხელფასი გაცილებით ნაკლები მქონდა, ვიდრე ჩემი უმაღლესი სტიპენდია. საქართველოში და საბჭოთა კავშირში იურიდიული საზოგადოების მაღალ ფენებში, გამოჩენილ პროფესორ და აკადემიკოსების წრეში ვმუშაობდი. ასევე, ანალოგიურად აღმოვჩნდი გერმანიაშიც – გერმანიის იურიდიულ და ევროპული სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის სფეროში წარჩინებულ მეცნიერებთან, რამაც ხელი შემიწყო, უფრო სწორედ, ვალდებულებად გადამექცა, მიმეღო მეტი ცოდნა და გამოცდილება.

ხანდახან თავად მიკვირს, ამდენი რამის გაკეთებას რომ ვახერხებდი. ოჯახის და სამსახურის გარდა, ვიყავი და ვარ ქალაქის თვითმართველობაში, ვხელმძღვანელობ გერმანელ ქალთა ორგანიზაციას და ვარ ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია „სამართალდამცავი ქალები საზღვრებს გარეშე“ თანადამაარსებელი. ვიცავთ ემიგრანტი ქალების ინტერესებს. ვარ საერთაშორისო დონის მედიატორი და ევროკავშირის დავალებით რამდენჯერმე მომიხდა მედიაციის ჩატარება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ეს ალბათ ჩემი პიროვნების და ცხოვრების სხვადასხვა გარემოებიდანაც გამომდინარეობდა.“

„მთავარის“ რესპონდენტი თვლის, რომ საქართველოდან მთლიანად არასდროს წასულა, რადგან ათეულობით წლებია, იმ საქმეს აკეთებს, რომელიც საქართველოსაც აქტიურად ეხება და კავშირები პირიქით – მზარდია: „საქართველოსთან ყოველთვის მქონდა და მაქვს აქტიური კავშირი. ჩემი პროფესიიდან და სამსახურიდან გამომდინარე, ჩემი მოვალეობაა, ყოფილ სსრკს- ქვეყნებში სამართლებრივი რეფორმების და დემოკრატიის განვითარების პროცესების შესწავლა. ახალგაზრდა მეცნიერები თუ პროფესორები რეგულარულად მიმყავს, ვუნიშნავთ სტიპენდიას და ვუქმნით პირობებს, საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარონ. რეგულარულად ვატარებ საზაფხულო სკოლებს, ვკითხულობ  ლექციებს, ვატარებ დისკუსიებსა თუ ტრენინგებს, კონფერენციებს ყველა იმ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც მსოფლიოში და საქართველოშიც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ტერორიზმი და რელიგიური რადიკალიზმი; ორგანიზებული დანაშაული; თუ როგორ არის დარეგულირებული მსოფლიოში ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები და ოპერატიული მოსმენები. კომპიუტერული დანაშაულები და საერთოდ თემა – თანამედროვე ტექნოლოგიები და ადამიანის უფლებები. თუ რამდენად არის შესაძლებელი კონსტიტუციით დაცული ამ უფლებების გარანტირება. შემდეგი საკონფერენციო თემაც ძალიან საჭირბოროტო საკითხს  კი ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზებას ეხება“.

დაცული შრომითი ბაზარი – აქ არავინ დაგასაქმებს, თუ გერმანიის მოქალაქე უმუშევარია

2017 წელს, შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი პროგრესულად 35%-ით გაიზარდა. ეს კი ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. 2018 წლის იანვარში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს მხოლოდ 13-მამოქალაქემ მიიღო, 1288-ს კი უარი ეთქვა. ბოლო მონაცემებით, განხილვის სტადიაშია კიდევ 5407 საქართველოს მოქალაქის განცხადება. ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის ასევე შვედეთი და ისლანდია დასახელდა.

როგორც ცნობილია, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ერთ-ერთი ქვეყანა, ვისთანაც არალეგალური მიგრაციიდან გამომდინარე, საქართველოს გარკვეული უხერხულობა და პრობლემები შეიქმნა სწორედ გერმანიაა.

საფრანგეთის ლტოლვილების ადაპტირებისა და დაცვის ბიუროს (OFPRA) ინფორმაციით, 2017 წელს საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 1542-მამოქალაქემ მოითხოვა, რაც წინა წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

არც სხვა ქვეყნებშია უკეთესი მდგომარეობა. გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, გერმანიიდან საქართველოში სპეციალური სამთავრობო დელეგაციაც კი ჩამოვიდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გერმანიაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გერმანელ კოლეგასთან შეხვედრას მართავს.

როგორც ელიკოწიკლაური-ლამიხი „მთავართან“ საუბრისას აღნიშნავს, გერმანიაში შრომითი ბაზარი იმდენად არის დაცული,  არაკვალიფიციური უცხოელის კანონიერი დასაქმება ძალიან მინიმალურია.

„უცხოეთში სამუშაოდ წასული ქალები დიდ პასუხისმგებლობას იღებენ თავის თავზე. დიდი შრომაა ქალებისთვის, თან სარისკოც, ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ფიზიკური შრომა სულ სხვა ტვირთია. ზოგადად, უცხოეთში როცა მიდიხარ, თავისთავად სტატუსის დაქვეითება ხდება, თან არაერთი საფეხურით. ახალ ქვეყანაში რომ ჩადიხარ, ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყო. უნდა ჩახვიდე ან ძალიან ახალგაზრდა, სტუდენტი, რომ შეძლო მოერგო ქვეყანას.  მიუხედავად ჩემი პრივილეგირებული მდგომარეობისა, რომელშიც აღმოვჩნდი, მაინც რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ ამ ერის მენტალიტეტს გავცნობოდი. ამ ქვეყანაში, ამ ხალხთან თანაცხოვრება რომ შეძლო, უნდა იცნობდე, ვისთან გაქვს საქმე და უნდა იცოდე, აქ რა რას ნიშნავს.

როცა უცხო გარემოში და ქვეყანაში ჩადიხარ, თუ შენს ქვეყანაში 5-6საათი სწავლობდი  იქ 15 საათი უნდა ისწავლო, რომ გაეცნო და ჩაჯდე ამ სისტემაში ისე, რომ თანაბარ დონეზე შეგეძლოს მათთან დისკუსია და საერთო კონკურენცია. კონკურენცია კი ყველა ქვეყანაშია.

რაც შეეხება შრომით ბაზარს, გერმანია არის ქვეყანა, სადაც შრომითი ბაზარი ყველაზე მეტად არის დაცული. როცა გერმანიაში პირველად  ჩავედი, თვალში მომხვდა, რომ უცხოელებს არ შეეძლოთ მუშაობა. ძალიან ნაკლები იყო და თითქმის არ იყვნენ არალეგალები. არავინ დაგასაქმებდა და დაგასაქმებს, თუ გერმანიის მოქალაქე უმუშევარია. ეს სწორია და სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ პასუხს აგებდეს საკუთარ მოქალაქეზე. ეს გერმანიის სახელმწიფოს აქვს და ასეთ პირობებში  უცხოელისთვის ძნელია კონკურენცია. მეამიტური აზროვნებაა, როცა ბრამად მიდიან და ფიქრობენ, რომ იქ რაღაცას გააკეთებენ და დასაქმდებიან.გერმანიაში გერმანელმაც კი თავი რომ დაიმკვიდროს და ნორმალური სამსახური იშოვოს,  წლები სჭირდება.“

თავშესაფრის მაძიებლები, არალეგალები და კრიმინალი

გერმანიამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური, რელიგიური, სექსუალური თუ სხვა კონკრეტული ნიშნით თავიანთ ქვეყნებში იდევნებიან და საფრთხე ემუქრებათ, გერმანია ვალდებულია, თავშესაფარი მისცეს.

როგორც რესპონდენტი „მთავართან“ საუბრისას აცხადებს, გერმანიაში კანონის დაცვა უმაღლეს დონეზეა და შესაბამისად, როცა კონკრეტულ მიგრანტთან დაკავშირებით დასაბუთებული ფაქტები არსებობს, მათ ღებულობენ და თავშესაფარს აძლევდნენ.

„რადგან გერმანია  სამართლებრივ სახელმწიფოს წარმოადგენს, თავშესაფრის მომთხოვნთა გადამოწმება და შესწავლა ხდება, რომელიც გარკვეულ დროს, დაახლოებით ერთ წელს და რიგ შემთხვევებში, მეტსაც მოითხოვს. ამ პერიოდში კი თავშესაფრის მაძიებლებს საცხოვრებელი პირობები შექმნილი აქვთ და ყოველდღიური საკვები თანხითაც უზრუნველყოფილნი არიან. ბოლო პერიოდში საქართველოდან განსაკუთრებით მამაკაცები ჩამოდიოდნენ დიდი რაოდენობით. ბოლო 4-5 წელია მათი რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა.  ეს ის ხალხია, ვინც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს გერმანიაში. მათი ასაკი 18-30 წელია. მათ შესანიშნავად იციან, რომ  პოლიტიკურ თავშესაფარს ვერ მიიღებენ, თუმცა, ისიც იციან, რომ მინიმუმ 1-2 წელიწადი გადამოწმების პერიოდი ექნებათ და გერმანიაში იცხოვრებენ. ამ პერიოდის განმავლობაში კი მათი გარკვეული ნაწილი დროს იხელთებს და დაკავებულია ქურდობით, სახლების გატეხვით და კრიმინალით. მსგავსმა შემთხვევებმა ბოლო პერიოდში ისე მოიმატა, რომ საგანგაშო შეიქმნა. თუმცა გერმანიისთვის ეს არ არის სიახლე. მსგავსი, ეროვნული ნიშნით ჩამოყალიბებული ბანდები პერიოდულად იყვნენ გერმანიაში. მაგალითად, პოლონური, რუსული, თურქული, არაბული, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ საქმეში ქართველები დაწინაურდნენ და იმდენად აქტუალური გახდა და მომრავლდა, შეიქმნა აზრი, რომ ეს არის საქართველოდან ორგანიზებული ბანდები, რომლებიც სპეციალურად შემოდიან საქართველოდან თუ სხვა ქვეყნიდან და ხდება ორგანიზებული წესით ქურდობები.“

გერმანიაში 300-400 000 ქართველო ცხოვრობს. ბუნებრივია, არის პროფესიები, რომელზეც ქვეყანაში მოთხოვნა არსებობს და ეს პროფესიებია: ინფორმატიკის სპეციალისტები, ინჟინრები და ექიმები.


საქართველო – ზედმეტი დემოკრატია თუ გადახრა

რაც შეეხება საქართველოს, როგორც რესპონდენტი „მთავართან“ საუბრისას აცხადებს, საქართველო შესაძლებლობების ქვეყანაა, თუმცა, მთავარ მიმართულებებზე ნაკლები ყურადღება კეთდება.

ელიკოწიკლაური-ლამიხი: „საქართველოს სსრსკ-ს სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, ვხედავ, რომ დემოკრატიასა თუ სიტყვის თავისუფლების კუთხით მეტი პრეტენზია და მოთხოვნაა. ქვეყნის პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც ბევრ სხვა ქვეყანაში არ ხდება და ამ მხრივ საქართველო გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია. მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ საქართველოში, დემოკრატიის თვალსაზრისით, სანიმუშო მმართველობა უნდა ჩამოყალიბდეს. თუმცა, მგონია, რომ ცოტა გადახრასთან გვაქვს საქმე. კერძოდ, ძალიან დიდი აქცენტი კეთდება არასამთავრობო სექტორსა თუ ადამიანის უფლებების დეკლარირებაზე და რატომღაც, ნაკლები ყურადღება ექცევა ეკონომიკას. ადამიანის ერთ ერთი ძირითადი უფლებაა შრომის თავისუფლება და გარანტია. მხოლოდ  დეკლარირებული თავისუფლება და დაბალი სოციალური დაცვა მთლად სასურველი არ არის, რადგან ეს იწვევს საზოგადოების პოლარიზებას. ადამიანის უფლებები და თავისუფლება რჩება ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი ვხედავთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილს ეკონომიური პრობლემები აქვს. მათ ელემენტარული უფლებების დაცვაც კი არ შეუძლიათ, რადგან არ აქვთ სამსახური, არ არის სოციალურად დაცული. ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკური ამბიციები დისონანსში მოდის, რაც ჯანსაღად არ მიმაჩნია. მიმაჩნია, რომ ნამდვილ დემოკრატიას კარგი ეკონომიკა უნდა უმაგრებდეს ზურგს. ეკონომიკა დემოკრატიის ხერხემალია“.

ელიკო წიკლაური ასევე ამბობს, რომ მხოლოდ სამართლით, კანონითა და აკრძალვებით  ქვეყნის მართვა შეუძლებელია. აღნიშნულის მაგალითად კი ყოფილი ხელისუფლება მოჰყავს, როდესაც მათ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა კანონის სიმკაცრითა და მაღალი სასჯელებით გადაწყვიტეს. შედეგი კი ყველამ ნახა.

და, კიდევ ერთი, როცა პროფესორ ელიკო წიკლაური-ლამიხს საქართველოში დიდხანს უწევს დარჩენა, ეჩვენება, რომ საზოგადოება ცოტა გაბრაზებულია. „ვატყობ, რომ აგრესიული მუხტია დაგროვილი საზოგადოებაში და სამწუხაროდ საამისო მიზეზებიც არსებობს“, – აღნიშნა მთავართან საუბრისას“ და დარწმუნებულია, რომ ემიგრაცია ქვეყნის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„დარწმუნებული ვარ, ქვეყნიდან წასული ქართველი ხალხი დაუბრუნდება თავის მშვენიერ ქვეყანას და ერთად ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელიც ის კეთილდღეობის გარანტიებს შექმნის. ნებისმიერ შემთხვევაში „მე დავბრუნდები“,- ასე ჰქვია პროექტს რომელიც უცხოეთში წარმატებულ ქართველ ქალებს აჯილდოვებს“ – აცხადებს ქარმატებული ქართველი ემიგრანტი.

P.S. ელიკო წიკლაური-ლამიხი მეცნიერებით ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში იყო დაკავებული. ის რამოდენიმე წელი ხელმძღვანელობდა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს, მიღებული ჰქონდა ჯილდოები  და მეორე კურსიდან  დაწერა ნაშრომი, რომელმაც საკავშირო კონკურსზე, როგორც ყველაზე ნოვატორულმა შრომამ პირველი ადგილი აიღო. თემა ეხებოდა მომიჯნავე მეცნიერებათა მიღწევების  შედეგების გამოყენება /დანერგვას. ასევე, სამართალის სფეროში და კერძოდ პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებით; ბიორითმების თეორიის გამოყენების შესაძლებლობას, გაუფრთხილებლობით ჩადენილ დელიქტებში. სწორედ ამ ბიოლოგიური მოვლენების გამოკვლევაში ამერიკელმა ექიმებმა და და ბიოლოგებმა 2017 წლის ნობელის პრემია მიიღეს.

 

მსგავსი თემები