სანქციები, სავიზო შეზღუდვები, ფინანსური დახმარების აკრძალვა – სენატორების მუქარა

„ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ“ – აცხადებს 14 სენატორი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილს უგზავნის.

„ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ და ყოველთვის ვიყავით მძლავრი ორპარტიული და თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი კავშირების უპირველესი მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან.

თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება.

ჩვენ ასევე უნდა განვაცხადოთ, რომ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონი არ ასახავს შეერთებული შტატების არცერთ კანონს და ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლება შეიძლება არასასიამოვნო იყოს ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის, თუმცა უთანხმოების და აზრის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა არის ის, რაც დემოკრატიას აძლიერებს და სიმტკიცეს მატებს“, – ნათქვამია წერილში, რომელიც სენატორებმა ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს.

„წერილის ბოლოს, სენატორები პირობას დებენ, რომ არასდროს მიატოვებენ „ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომელმაც საკუთარი ხმა დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, ხმამაღლა და მკაფიოდ, ყველას გააგონა“.

მათი თქმით, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორმხრივ ინტერესებსა და საერთო ღირებულებებს და თითოეული მათგანი ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მტკიცე მხარდამჭერია. თუმცა, ისინი ასევე ამბობენ, რომ ურთიერთობა ამ მიმართულებით ვერ „გაგრძელდება მანამდე, სანამ ეს კანონმდებლობა უკან არ იქნება გაწვეული“.

წერილში ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების უდიდესი ნაწილის სურვილი, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ დაწინაურდეს, რადგან ამ კანონის მიღება, როგორც ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ეს კი მთავრობის მიერ საკუთარი კონსტიტუციის უგულებელყოფა იქნება.

სენატორები ასევე აცნობიერებენ საქართველოს წინაშე არსებულ რუსულ საფრთხეებს და ამბობენ, რომ ამერიკა როგორც წარსულში, ისე მომავალშიც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის უფლებას, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და თავი გაითავისუფლოს რუსეთისგან, რომელიც საქართველოში ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ფართომასშტაბიანი მავნე გავლენა აქვს საზოგადოებაზე ოქტომბერში დადგეგმილი, მომავალი არჩევნების წინ“ – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ამერიკის ხმა ავრცელებს.

 

მსგავსი თემები