საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, ჟურნალისტებს სინოდის წერილი გააცნო, რომელიც პრეზიდენტს გაეგზავნა, დეკანოზი მამა გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით.
დეკანოზის განცხადებით, წერილი, რომელიც დაიწერა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ლეგიტიმაციისაა.
„მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე, სადაც აღნიშნულია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“, – ნათქვამია წერილში, რომელიც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ წაიკითხა.
მისი თქმით, წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 8 ნოემბერს გაეგზავნა.