ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ქართველ ექიმს აგვისტოს ომში მონაწილეობაში ადანაშაულებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც ოკუპანტებმა ე.წ. საზღვართან გაიტაცეს, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობაში ადანაშაულებს.   

თვითგამოცხადებული „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„არსებული მონაცემებით, ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის რეზერვის კაპიტანია, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“, – ვკითხულობთ  განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გატაცებულ ქართველი ექიმს ოკუპანტებმა 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 

სამედიცინო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკოსები, სტუდენტები, დიპლომატები, სასულიერო პირები და თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი, თვითგამოცხადებული რეჟიმისგან უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვს.  

მსგავსი თემები