საქართველოში სუიციდის მიმართულებით არსებული სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია – 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207 კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
ბოლო 18 თვის განმავლობაში დაფიქსირებული ეს საგანგაშო სტატისტიკა დღეს, ფსიქიკურ ჯანმრთელობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ წარადგინა.
“სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ ახორციელებს პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს. დღემდე არ დამტკიცებულა სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომლის დამტკიცებაც და განხორციელებაც ჯერ კიდევ 2016 წლისთვის იყო განსაზღვრული სახელმწიფოს სამოქმედო გეგმით”, – განაცხადა ლომჯარიამ.
როგორც სახალხო დამცველმა განმარტა, ძალიან ხშირად ფსიქიკური პრობლემები გამოწვეულია ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებით და ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოში არ არსებობს გამართული კოორდინაცია ნარკოლოგიურ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს.
“ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დროული გამოვლენა, მკურნალობა და რეაბილიტაცია თანაბრად პრობლემურია ბავშვებსა და ზრდასრულებში. ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ამ ეტაპზეც კი, როდესაც ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სათანადო ყურადღება არ დაუთმო ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს, ვერ გაიაზრა არსებული რისკები, არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები მათი პრევენციისთვის.
ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ თემზე დაფუძნებულ სერვისებზე გადასვლას. სამწუხაროდ, საქართველოში ე.წ. სტაციონალური ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი სერვისები გვაქვს, სადაც პაციენტები ცხოვრობენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მათ არ აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საკმარისი უნარ-ჩვევები, ვერ ტოვებენ დაწესებულებებს და ოჯახიც უარს აცხადებს მათ მიღებაზე. რთულია ფსიქიკური და ჯანდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე და მათი მკურნალობა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მკურნალობაში პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო გასულ წელს. ეს არის ის დარგი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებს ფსიქიკური ჯანმრთელობის, მათ შორის სუიციდის პრევენციის მიმართულებით ღონისძიებების გაძლიერებისკენ მოუწოდა.
10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის ფოკუსი სუიციდის პრევენციაა.