“მე ჩემს დაპირებებს, არასოდეს გადავალ! და თქვენ? „ქართული ოცნების“ დეპუტატებო, არ გრცხვენიათ, მამუკა ხაზარაძეს ასე რომ ალაპარაკებთ?”, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თქმით, 2012 და 2016 წლის დაპირებები სამარცხვინოა.
ჭიჭინაძის განცხადებით, მისი დაპირებაც ზუსტად ის იყო, რომ საქართველოში იაფი ფული იქნებოდა.
“ბანკირები არაპროფილურ საქმიანობას ჩამოშორდებოდნენ; ბანკები აღარ იქნებოდა ყველა დიდი, თუ მცირე კომპანიის ირიბი მოწილე; საპენსიო რეფორმა მხოლოდ ბანკების მოგებისთვის არ ჩატარდებოდა; მევახშეები დღის წესრიგს აღარ განსაზღვრავდნენ!
და მართლაც, უნდა რცხვენოდეს „ქართულ ოცნებას“, რომ როდესაც მე ამ ყველაფრისთვის ვიბრძოდი, შიგნით საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა მქონდა, როგორც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის, ასევე ფინანსთა მინისტრისგან”, – აცხადებს ჭიჭინაძე.
დეპუტატის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ მისი კონფლიქტი ბანკირებთან დაკავშირებულმა იდეოლოგიურმა უთანხმოებებმა გამოიწვია.
“სწორედ ბანკირებს ემსახურებოდა, ლობირებდა „ქართული ოცნება“ ამდენი წელი და იმიტომაც მივიღეთ ის, რომ ბანკირები გვიტევენ. მოგების დინამიკასაც თუ გადავხედავთ, „ქართული ოცნების“ პირობებში, პირველ რიგში სწორედ ბანკირების ოცნებები ახდა. აი, ამ იდეოლოგიური უთანხმოებების გამო იყო ჩემი კონფლიქტი და დაპირისპირება „ქართულ ოცნებასთან“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.