“სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრ იოსებ დვალიშვილის შესახებ უკვე ვაცნობეთ ჟენევის თანათავმჯდომარეებს და ჩვენ პარტნიორებს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.
„გუშინ, გვიან ღამით, დაახლოებით 02:00 საათისთვის იყო გატაცებული იოსებ დვალიშვილი. შესაბამისი სამსახურები რეაგირებენ აღნიშნულ საკითხზე.
პირადად მე, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს ვაცნობე დამატებითი ინფორმაცია, ასევე ჩვენს პარტნიორებსაც მივაწოდე ინფორმაცია, რათა მოხდეს დაუყოვნებლივ რეაგირება.
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ჩვენ, ფაქტობრივად, ყოველდღიურ და მუდმივ კონტაქტში ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში დაძაბულობის ესკალაცია და ინციდენტები ხდება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი იოსებ დვალშვილი დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
მანამდე, გუშინ რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან.