დავით ნარმანიამ „ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში სპეციალურად გიდებისთვის შექმნილი კურსის – „ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

„ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ ტრენინგ კურსი შეიქმნა სპეციალურად გიდებისთვის და მისი მიზანია საქართველოს ენერგეტიკის ისტორიის, ტექნიკური მახასიათებლებისა და პერსპექტივების შესახებ გიდებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

„დასრულდა რიგით მეორე ტრენინგ კურსი, რომლის ფარგლებშიც გიდებს მიეწოდათ ყველა საჭირო ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორის შესახებ. აღნიშნული კურსის მიმართ ინტერესი მზარდია და მზად ვართ, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში ხელი შევუწყოთ ყველა მოქმედი თუ მომავალი გიდის კვალიფიკაციის ამაღლებას ენერგეტიკის საკითხებში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ენერგეტიკის ტურიზმის განვითარებისათვის“ ტრენინგ კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ენერგეტიკულ ტერმინოლოგიას, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირებისა და რეგულირების საკითხებს, ჰიდრო და თბოენერგეტიკის ისტორიას.

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კონსულტანტი თემურ თორდინავა და საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი ზაზა ჭითანავა.

მსგავსი თემები