Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა

მოსკოვის მახლობლად, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 143 პირი.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა სია წინასწარია და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემების მიხედვით იცვლება.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა საკონცერტო დარბაზში 22 მარტის საღამოს მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა შენობაში ცეცხლი გახსნეს, გაჩნდა ხანძარი. შენობაში 6 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. შეიარაღებულმა ჯგუფმა მნახველებს ცეცხლი გაუხსნა ავტომატური იარაღით.

23 მარტს პუტინმა განაცხადა, რომ დაკავებული იყო 11 ადამიანი, მათ შორის, თავდასხმის უშუალოდ ოთხი მონაწილე, რომლებიც მისივე თქმით, გასართობ ცენტრთან თეთრი “რენოს” მარკის ავტომანქანით მივიდნენ და სროლისა და ხანძრის გაჩენის შემდეგ, იმავე ავტომობილით დატოვეს ტერიტორია. პუტინის განცხადებით, აღნიშნული პირები ბრიანსკის რაიონში დააკავეს. გამოძიების ცნობით, დანარჩენი 7 დაკავებული, შესაძლოა ტერაქტის მომზადებაში მონაწილეობდნენ.

ხოლო, 25 მარტს მოსკოვის სასამართლომ ტერაქტში ბრალდებულ ოთხ პირს მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა, ხოლო 26 მარტს, კიდევ სამს.

 

 

მსგავსი თემები