უნგრეთში ორბანის გადადგომას ითხოვენ

უნგრეთში პრემიერმინისტრ ორბანის გადადგომას ითხოვენ. მთავრობის ყოფილმა წევრმა, პიტერ მაგიარმა რომელიც ახლა ხელისუფლების კრიტიკოსია, სამშაბათს გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეთქმულებას აწყობდნენ კორუფციის დასაფარად. ამის შემდეგ ათასობით ადამიანი გავიდა ბუდაპეშტის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე.

ქვეყანაში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური პროტესტი თებერვლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც გაირკვა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც სასჯელს იხდიდა ბავშვთა სახლის დირექტორის მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის დაფარვისთვის. ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირეები, მათ შორის პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი ჯუდიტ ვარგა, იძულებულნი გახდნენ თანამდებობები დაეტოვებინათ.

პიტერ მაგიარმა, რომელიც ვარგას ყოფილი ქმარია, გაავრცელა ჩანაწერი Facebook-სა და YouTube-ზე, რომელშიც, ვარგა აღწერს, თუ როგორ ცდილობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები მტკიცებულებების ამოღებას სასამართლოს ჩანაწერებიდან, რომ დაეფარათ თავიანთი როლი კორუფციულ ბიზნეს გარიგებებში.

ჩანაწერის მიხედვით, ორბანის ახლო მოკავშირე, ანტალ როგანი, რომელიც პასუხისმგებელია როგორც მთავრობის კომუნიკაციებზე, ასევე ქვეყნის საიდუმლო სამსახურებზე, ხელმძღვანელობდა მტკიცებულებების შეცვლას.

მაგიარმა ჩანაწერი სამშაბათს პროკურატურას გადასცა, რათა მტკიცებულებად გამოეყენებინათ.

 

მსგავსი თემები